მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისთან ახლოს გლემპინგ ობიექტი "პორტო გუმათი" გაიხსნა - "ეს სივრცე ინოვაციურია"

630c88a7ca06b
მარიამ იზორია
30.08.22 00:15
10037
რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში, ქუთაისიდან 7 კილომეტრში, ახალი გლემპინგ ობიექტი „პორტო გუმათი“ გაიხსნა. ტურისტული ობიექტი ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე 10 ერთმანეთისგან დაშორებულ ხის კოტეჯს აერთიანებს და დამსვენებელს გარდა განთავსებისა, ნავით ტურებს, კატერით გასეირნებას, საცხენოსნო ტურებს, ლაშქრობებს, კვების ობიექტის მომსახურებას, ღია ტერასას, აუზსა და საუნას სთავაზობს.
No description available.

„პორტო გუმათის“ დამფუძნებელი მერაბ გოგონაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ პროექტი ინოვაციურია, რადგან საქართველოში მსგავსი სივრცე, რომელიც წყლის სანაოსნე ტურებს და გლემპინგს აერთიანებს, არ არსებობს.

მისივე თქმით, პროექტში 600 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 4% ევროკავშირის გრანტია.

„ევროკავშირის კონკურსი გამოცხადდა, მოთხოვნა იყო, რომ ისეთი ობიექტი მოწყობილიყო, რომელიც პანდემიის ახალი ტალღის დაწყების შემთხვევაშიც ფუნქციონირებას გააგრძელებდა. ამანაც მოგვცა მოტივაცია და ნახევარ ჰექტარზე 10 ერთმანეთისგან დაშორებული კოტეჯი გავაკეთეთ. კოტეჯები მთის ბორცვზეა გადმოკიდებული, გუმათ ჰესის ტერიტორიაა და რიონი ტბის ეფექტს ქმნის. გარდა ამისა, ფეხით ნახევარი საათის სავალ ტერიტორიაზე სათაფლიაა.

ეს სივრცე ინოვაციურია, რადგან წყლის სანაოსნე და გლემპინგი ერთად საქართველოში არსად არ არის. პროექტში 600 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო, აქედან 4% გრანტია, დანარჩენი კი საბანკო ვალდებულებით განხორციელდა“, - განმარტავს „პორტო გუმათის“ დამფუძნებელი.

„პორტო გუმათმა“ დამსვენებლების მიღება 12 აგვისტოს დაიწყო და როგორც მერაბ გოგონაძე ამბობს, მათი უმრავლესობა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები იყვნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ „პორტო გუმათი“ მხოლოდ ზაფხულის სეზონზე არ იქნება გათვლილი.

„აქცენტს საერთაშორისო დამსვენებელზე ვაკეთებთ. უკუკავშირი იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდით, სტუმრები გვეუბნებიან, რომ სივრცე იმაზე უკეთესია, ვიდრე ფოტოებში ჩანს, გაოცებული არიან, რომ ქალაქიდან 7 კილომეტრში ასეთ სივრცეში ხვდებიან.

რაც შეეხება ფასებს, სეზონზე კოტეჯში განთავსების ფასი 300 ლარია, ნავით გასეირნება 30 ლარი, კატერით გასეირნება 4 კაცისთვის 120 ლარი, საუნა, აუზი და ღვინის დეგუსტაცია ფასში შედის“, - ამბობს ის.
No description available.

ცნობისთვის: ტურისტულ ობიექტში ადგილობრივები უკვე დასაქმდნენ. სეზონზე მათი რაოდენობა 15 ადამიანს მიაღწევს.