მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუვეითური ინვესტიციით რაჭაში საშუალო ჰესის აშენება იგეგმება

6287855d2e673
ვიქტორია მღებრიშვილი
23.05.22 09:40
1746
საერთაშორისო ჰოლდინგი GeoSilkRoad თურქულ და აზერბაიჯანულ კომპანიებთან პარტნიორობით, რაჭაში, საშუალო სიდიდის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გეგმავს.

BM.GE-სთან საუბრისას GeoSilkRoad-ის დირექტორი დავით ცირდავა პროექტის განხორციელების ვადებს, ზუსტ მდებარეობასა და ინვესტიციას ამ ეტაპისთვის არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ჰესის პროექტი ქუვეითური ინვესტიციით განხორციელდება. ქართული კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციებისა მოზიდვას ახორციელებს, ამბობს, რომ რაჭაში ჰესი თურქული და შესაძლოა აზერბაიჯანულ კომპანიებთან პარტნიორობით აშენდეს. ამის შესახებ მან EUGBC-ის მიერ ორგანიზებულ საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმზე აზერბაიჯანულ კომპანიებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

„გასული წლის ბოლოს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების პროექტის განხორციელების შესახებ, მნიშვნელოვანი ხელშეკრულება თურქულ ჰოლდინგურ კომპანიასთან გავაფორმეთ. დღეს კი რაჭაში ჰესის პროექტის განხორციელების პერსპექტივებზე მოლაპარაკებებს აზერბაიჯანულ ბიზნესთან ვაწარმოებთ.

ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისას ჩვენ ძირითადად სამი ბარიერი გვაქვს გადასალახი: უპირველეს ყოვლისა ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან დავიწყებთ კომუნიკაციას, რათა დავანახოთ ის პერსპექტივები თუ რა მნიშვნელობა აქვს მსგავსი პროექტების განხორციელებას მათი სოფლისთვის, რეგიონისთვის. ვიცით როგორი დამოკიდებულებაა მოსახლეობაში ენერგოპროექტების მიმართ და ამიტომ გვინდა ადგილობრივებთან სწორად ვიმუშაოთ. ამას ბარიერად არ აღვიქვამთ, მთავარია ინფორმაცია სწორად მივიტანოთ. ეს პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი იქნება, მეორე ეტაპი კი პროექტის სრულად შედგენას გულისხმობს, რაც წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებას მოიცავს. გვინდა, რომ კვლევაში ესპანური კომპანია ჩავრთოთ, რათა პროექტისადმი მაღალი სანდოობა იყოს. შესაბამისად, პროექტის განხორციელების ვადებს ზუსტად ვერ ვიტყვით“, - განაცხადა დავით ცირდავამ.

GeoSilkRoad-ის დირექტორი თვლის, რომ ქვეყანაში ენერგოპროექტების განხორციელებისას ბიზნესს დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება და ბიზნეს გათვლების გარდა, მათ გრძელვადიანი პროექტების შესრულება გრძელვადიანი მომზადებით უნდა დაიწყონ.

„გულწრფელები უნდა ვიყოთ და უნდა ვთქვათ, რომ ენერგოპროექტების განხორციელებისას ბიზნეს სექტორი ძალიან ვცოდავთ, რადგან ჩვენ ვხედავთ მათემატიკურ გათვლებს, რენტაბელობას... ისეთი მგრძნობიარე საკითხი, როგორიც ელექტროსადგურების პროექტების განხორციელებაა და ჩვენ საქართველოში გვაქვს „ენკას“ მაგალითი, რა დროსაც ბიზნეს სექტორიდან სათანადო ნაბიჯი არ იყო გადადგმული. ამიტომ ჩვენ არ გვინდა შეცდომების დაშვება და გვინდა მჭიდრო, უშუალო თანამშრომლობა მოსახლეობასთან. ჩვენი პარტნიორებისგან და საინვესტიციო ფონდებისგან გადაწყვეტილება ამის შესაბამისად იქნება მიღებული.

სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე პრემიერ-მინისტრის მხრიდან. შეხვედრები შედგა ორივე უწყებაში. მთავარია ჩვენ გავითვალისწინოთ ის შეცდომები, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვქონდა“, - განმარტა ცირდავამ.

კითხვაზე - ვინ უნდა ახორციელებდეს ენერგო პროექტებს - ბიზნესი თუ სახელმწიფო, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, GeoSilkRoad-ის დირექტორი ამბობს, რომ მცირე და საშუალო ჰესების პროექტები კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს.

„ჩვენ მცირე და საშუალო პროექტებზე ვართ ორიენტირებული, შესაბამისად მცირე და საშუალო პროექტებს თავად ბიზნეს სექტორი უნდა ახორციელებდეს. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ პრემიერის განცხადება ჩვენ არ გვეხება. ჩვენ სრული მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან, ამიტომ ვფიქრობთ, დამატებითი პარტნიორები შემოვიყვანოთ რომ სხვა პროექტებიც განვახორციელოთ“, - უთხრა BM.GE-ს GeoSilkRoad-ის დირექტორმა დავით ცირდავამ.