მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Qve Space - რაჭაში პირველი კონცეპტ რესტორანი იხსნება

634947f6bab16
თინათინ ნატმელაძე
15.10.22 12:47
4258
რაჭაში, სოფელ სადმელში, სასტუმრო Wine Space-ის ტერიტორიაზე პირველი კონცეპტ რესტორანი Qve Space რამდენიმე თვეში გაიხსნება, - ამის შესახებ სასტუმროს დამფუძნებელმა, მარიამ მარგიანმა BM.GE-სთან განაცხადა.

მარგიანის თქმით, რესტორანი მომხმარებლებს ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს ევროპული ელემენტებით შესთავაზებს, ეს კი რაჭის რეგიონისთვის სიახლე იქნება, რაც შესაძლოა, ადგილობრივებისთვის მოტივაცია გახდეს, რომ მსგავსი სივრცეები უფრო აქტიურად გახსნან.

"რესტორნის მშენებლობა ჯერ კიდევ მაისში უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო გახსნის ვადამ გადაიწია. რამდენიმე თვეში უკვე მზად ვიქნებით, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ. აქამდეც გვქონდა სარესტორნე მომსახურება სასტუმროში, თუმცა, ეს იქნება ცალკე სივრცე, უფრო განსხვავებული და დახვეწილი.

რაც შეეხება კერძებს, იქნება უფრო თანამედროვე, ქართული ტრადიციული სამზარეულო ევროპული ელემენტებით. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში იმის გამო მივიღეთ, რომ რაჭაში საკვები ობიექტები თითქმის არ არის, ამიტომ ჩვენი რესტორანი ნამდვილად სიახლე იქნება, რაც რეგიონისთვისაც ძალიან სასარგებლოა, ამან შესაძლოა, სხვა ადგილობრივებს მოტივაცია გაუჩინოს, რომ რაჭაში განსხვავებული და თანამედროვე კვების ობიექტები უფრო აქტიურად გახსნან", - აცხადებს მარიამ მარგიანი.

Qve Space-ის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ რესტორნის გახსნის პროცესში ბევრი გამოწვევა და სირთულეა. მისი თქმით, ეს პირველ რიგში ადგილობრივი კვალიფიციური კადრების ნაკლებობას უკავშირდება, შემდეგ კი რესტორნის ლოჯისტიკური საკითხებს. ობიექტის მფლობელებს პროდუქციის დიდი ნაწილის დედაქალაქიდან ჩამოტანა უწევთ.

"ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივები დავასაქმოთ, თუმცა, ყველაზე დიდი გამოწვევაც სწორედ ისაა, რომ ადგილზე თითქმის არ არიან კვალიფიციური კადრები, ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ ისინი ერთგვარად გადავამზადოთ და ვასწავლოთ ის, რაც ჩვენთან მუშაობის პროცესში დასჭირდებათ. რესტორანში დაახლოებით 10 ადამიანი დასაქმდება და აქედან უმეტესობა ადგილობრივი იქნება, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთან მოსულ სტუმრებს მომსახურე პერსონალიც რაჭველი დავახვედროთ.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა კი პროდუქციის დიდი ნაწილის თბილისიდან ტრანსპორტირებაა, რადგან ის რაჭაში არ იშოვება. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ ბლაუნშტაინის პროდუქციას და მიუხედავად იმისა, რომ ბლაუნშტაინის ფერმა რაჭაშია, მისი წარმოება თბილისში ხდება, ამიტომ, იძულებული ვართ თბილისიდან ჩამოვიტანოთ. ეს ლოჯისტიკური საკითხები კი იწვევს იმას, რომ ჩვენი კერძების ფასი არც ისე დაბალი იქნება, თუმცა, ვეცდებით, რომ საერთო ჯამში ყველასთვის მისაღები იყოს", - განაცხადა მარიამ მარგიანმა BM.GE-სთან.