მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია, ვერ იქნება ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი"

5df28ad684fb7
თამთა ჯიჯავაძე
12.12.19 22:45
913
ქვეყანა, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია მსოფლიოში სამხედრო ძალის თვალსაზრისით მქონე მეორე ქვეყნის მიერ, ვერ იქნება ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი, - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ განაცხადა. მან ბოლო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების მოცულობის ზრდა შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი ზრდა საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის საკმარისი არ არის.

„სამწუხაროდ ჩვენთან როგორც წესი, ინვესტიციებისთვის მამოძრავებელი ძალა იყო ვთქვათ მსხვილი მილსადენის პროექტების დროს ეს პროექტები, შემდეგ იყო აგრესიული პრივატიზაცია, შემდეგ იყო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, შესაბამისად როდესაც ეს მთავრდება, ყოველთვის გარკვეული პერიოდი ინვესტიციები ჩერდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია მსოფლიოში სამხედრო ძალის თვალსაზრისით მქონე მეორე ქვეყნის მიერ, ვერ იქნება ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი. იმიტომ რომ ელემენტარულად, ისინი ვერ გრძნობენ იმას, რომ მათი ინვესტიციები დაცულია“, - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.

ეკონომისტმა bm.ge-სთან იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რაც ქვეყანაში ინვესტიციების ზრდისთვის აუცილებელია.

„თუ ჩვენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მაგალითს შევხედავთ, ცხადად გამოჩნდება ერთი საინტერესო ფაქტი: რა წამიდან ისინი ხდებიან არათუ წევრები, არამედ MAP-ს იღებენ ევროკავშირისგან, იმ წამიდან ამ ქვეყნებში იზრდება ინვესტიციები. ესე იგი, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინტეგრაცია ევროკავშირში, ევროპულ სტრუქტურებში, და რასაკვირველია, უნდა გავხდეთ NATO-ს წევრები. აი ეს არის პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. ამის შემდეგ შესაძლებელია ინვესტორებმა ელემენტარულად ფიზიკურად დაცულად იგრძნონ თავი და უკვე წამოვა და გაიზრდება ინვესტიციები.

მანამდე როგორც წესი, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგათ, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. რასაკვირველია, ყოველთვის არსებობს გარკვეული ფარდობა. და ამ შემთხვევაშიც ეს იარსებებს, მაგრამ ეს განსხვავება არ იქნება პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს. ანუ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვთქვათ 2 მილიარდის ფარგლებში უნდა გვქონდეს ინვესტიციები, მეტნაკლები ზომით ეს რაღაცნაირად შეიძლება იქნას მიღწეული, მაგრამ პრინციპული გარღვევა რომ მოხდეს, დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა რომ იყოს, ჩვენ გვჭირდება გაცილებით მეტი და ეს ფუნდამენტური პრობლემის მოგვარების გარეშე არ იქნება. ეს წარმოუდგენელია. ეს დაახლოებით ისაა, რომ ვიღაც ადამიანები მოვლენ და ფულს გაჩუქებენ, ინვესტორი ხომ ქველმოქმედი არაა. ფიზიკური დაცულობა არ აქვთ მათ საქართველოში და როგორ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალიან დაინტერესებული იქნებიან საქართველოში ინვესტირებით“, - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.

შეგახსენებთ, საქსტატის მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 417.3 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7%-ით მეტია.