მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანას სხვა ვაქცინისადმი ხელმისაწვდომობის რესურსი არა აქვს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

606eef06c4019
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.21 16:02
2139
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის საბჭოს მიერ AstraZeneca-თი ვაქცინაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანას მოსახლეობისთვის სხვა ვაქცინის შეთავაზების რესურსი არა აქვს.

ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საქართველო აპრილის ბოლოს კოვაქს პლატფორმიდან AstraZeneca-ს 43 000 დოზას მიიღებს, ხოლო ჩინური "სინოვაკის" ვაქცინის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ მისი აღიარების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესს 100-ზე მეტი ქვეყანა ახორციელებს. წამლის ეროვნული სააგენტოს მიერ ვაქცინაციის პროცესში გვერდითი მოვლენის ოფიციალურად დაფიქსირება სავალდებულო გახდა. ეს გვერდითი მოვლენა ვიცოდით, რომ იყო კვლევების მიღმა აღმოჩენილი ალერგია და ანაფილაქსია, ახლა დაემატა შესაძლო თრომბოზული რისკის გამოწვევა, რადგან აღნიშნული გვერდითი მოვლენა დღეს არსებული კვლევებით 250 000 შემთხვევიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ფიქსირდება. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა მხოლოდ 55 წელს ზემოთ ადამიანებს შეეძლებათ.

ჩვენ ვზღუდავთ რა ამ ვაქცინების 55 წელს ქვემოთ მოქალაქეებში გამოყენებას, ქვეყანას დღეს არა აქვს რესურსი, სხვა ვაქცინებისადმი ადამიანებისათვის ხელმისაწვდომობა დღესვე გახსნას და უზრუნველყოს, რაც ძალიან რთული საკითხია. რას გააკეთებენ 55 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანები პროგრამის მიღმა რამდენიმე კვირაში გადაწყდება, როდესაც სხვა ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში არსებულ ე.წ. ჩექლისტს, რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებს, სისხლის შედედების სისტემის პრობლემებთან დაკავშირებული კითხვები დაემატება.

„ამ კითხვარის გაცნობის შემდეგ ექიმი გადაწყვეტს, გაუკეთოს აცრა თუ გაუშვას შემოწმებაზე, იმისთვის, რომ აცრის პროცესი კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.