მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში 600 000-მდე გაუმართავი ავტომობილი გადაადგილდება“ - ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია

61cc97b2781ae
თათია ჩაფიჩაძე
29.12.21 21:00
699
საქართველოში 1 მლნ 300 ათასზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, საიდანაც ტექნიკურ დათვალიერებას ყოველწლიურად ნახევარზე ოდნავ მეტი, დაახლოებით 57% გადის. რეფორმის პირველ 2019 წელს სავალდებულო შემოწმება 788 ათასმა მანქანამ, 2020-ში კი მხოლოდ 533 ათასმა გაიარა.

წლევანდელი მონაცემებით, მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის 715 ათასს არ აღემატება, რაც ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილის თქმით, იმას ნიშნავს, რომ გზებზე დაახლოებით 600 ათასამდე გაუმართავი ავტომობილი მოძრაობს.

რეფორმის არაეფექტიანი მუშაობის მიზეზად იორდანიშვილი არასათანადო ადმინისტრირებას ასახელებს და ამბობს, რომ აუცილებელია ამ მხრივ მონიტორინგი და საჯარიმო სანქციები გაიზარდოს.

„ინსპექტირების რეფორმა მთლიანად დამოკიდებულია ადმინისტრირებაზე, ადმინისტრირება კი მხოლოდ და მხოლოდ ჭკვიან კამერებზეა ჩამოკიდებული, რომლის მუშაობაც არ არის იდეალური. შესაბამისად არ ხდება ადმინისტრირება და მძღოლებსაც, ვისაც გაუმართავი ავტომობილი ჰყავთ, შეიძლება ერჩივნოთ კიდევ რომ არ მივიდნენ ინსპექტირების ცენტრებში და წელიწადში მაქსიმუმ შეიძლება ერთხელ დაჯარიმდნენ 50 ლარით.“ - აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

კითხვის ნიშნებია წარმატებულად გავლილი ავტომობილების გამართულობაზეც. სავალდებული ტექნიკური ინსპექტირების არსებობამ ნაწილების გაქირავების სერვისის გაჩენასაც შეუწყო ხელი. მძღოლების ნაწილი საჭირო ნაწილს ავტომობილის შემოწმების პერიოდისთვის ქირაობს, რაც ცხადია ქვეყანაში ეკოლოგიური თვალსაზრისით მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ემსახურება.

ინსპექტირების ცენტრების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია აიკრძალოს კატალიზატორების ჩაბარებაც.

„ინსპექტირების ცენტრები მოკლებულები არიან შესაძლებლობას, რომ მოახდინონ იდენტიფიცირება ესა თუ ის სათადარიგო ნაწილი ამა თუ იმ ავტომობილის არის თუ ნათხოვარია. სოციალური ქსელები აჭრელებულია კატალიზატორების ჩაბარების პუნქტებით, უნდა აიკრძალოს ჩაბარება და აღარ იყოს ხელმისაწვდომი.“ - მიიჩნევს იორდანიშვილი.