მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში აღურიცხავი დიზელის საწვავის რეალიზაცია ხდება - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

5e68ccef630b1
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.20 21:00
1296
საქართველოში შემომავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოსვლა ხდება, - ამის შესახებ განცხადებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დიზელის საწვავის იმპორტი 2019 წელს 0.9%-ით არის შემცირებული, მაშინ როდესაც დიზელის მოხმარება ქვეყანაში გაზრდილია.

BM.GE ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 551,7 ათასი ტონა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5,2 ათასი ტონით ანუ 0,93%-ით ნაკლებია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ის ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს დიზელის საწვავის მოხმარებას, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. კერძოდ, ავტოპარკი, სატვირთო-სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი აზრით, დიზელის საწვავის მოხმარება ქვეყანაში გაზრდილია და ის არ შეესაბამება იმპორტის მაჩვენებელს.

შედარებისათვის, ბენზინის საწვავის იმპორტმა 2019 წელს შეადგინა 544,3 ათასი ტონა, რაც 2,3 ათასი ტონით ანუ 0,42%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გაზრდილიაბენზინის ალტერნატიული საწვავის გამოყენება, როგორებიცაა ბუნებრივი აირი (CNG) და თხევადი აირი (LPG). ასევე მომატებულია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი ქვეყანაში, რომლებიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში გარკვეული დოზით ხდება აღურიცხავი დიზელის საწვავის რეალიზაცია. ჩვენი აზრით, ამის წყარო შეიძლება იყოს ადგილზე წარმოებული აღურიცხავი პროდუქცია ან საქართველოში ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემოდიან ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთის ფედერაციიდან.

ამჯერად გვინდა შევეხოთ სატრანზიტო სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით ქვეყანაში აღურიცხავი პროდუქციის შემოდინებას. კერძოდ, საქართველოს ტრანზიტული ფუნქციიდან გამომდინარე ქვეყანაში სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, 2019 წელს საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ შეადგინა 298 354 ერთეული, რაც 102 499 ერთეულით ანუ 52.4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (195 855 ერთეული). მათ შორის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ შეადგინა 26 373 ერთეული.

როგორც აღვნიშნეთ, გაზრდილია ავტოტრანსპორტის საწვავის ბაკებით აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოდინება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და რუსეთის ფედერაციიდან. დიდი ფასთაშორისი სხვაობის გამო, რომელიც ფიქსირდება ამ ქვეყნებში საქართველოსთან მიმართებაში, საქართველო ხდება მიმზიდველი აღურიცხავი საწვავის შემოსასვლელად. ძირითადად საწვავის შემოდინება ხდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული თუ სტანდარტული საწვავის ბაკების საშუალებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ უკვე გაგვაჩნია გარკვეული სახის ინფორმაციები. ამ საწვავის ჩაბარება-რეალიზაცია ხდებასაქართველოში მათთვის განკუთვნილ ე.წ. „ტირ-პარკებში“ და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე.

ჩვენი აზრით, საჭიროა მოხდეს მსჯელობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოში შემოსულ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზებით შემოტანილ დიზელის საწვავზე დაწესდეს გარკვეული შეზღუდვა.
მაგალითისათვის, თურქეთის რესპუბლიკაში მკაცრადაა რეგლამენტირებული ქვეყნის ტერიტორიაზე შესული ყველა სატრანსპორტო საშუალების საწვავის მოცულობის ოდენობა და მათზე ხორციელდება მნიშვნელოვანი სახელმწიფო კონტროლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ანალოგიური ვითარებაა უკრაინიდან პოლონეთში შემავალ სატრანსპორტო საშუალებებზე.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ქვეყნების გამოცდილება, ვინაიდან ეს არის ყველაზე ეფექტური მექანიზმი სატრანსპორტო საშუალებების ავზებით შემოტანილ აღურიცხავ საწვავზე კონტროლის დამყარების მიზნით. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ ობიექტური მიზეზების გამო და შესაბამისად, აღურიცხავი პროდუქციის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც აზარალებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმეს”, - ნათქვამია განცხადებაში.