28.აგვისტო .2019 13:03

“ქვეყანაში არაა ორი პორტისთვის საკმარისი ტვირთები” - APM საკუთარ გეგმებსა და ანაკლიის პორტზე

views 1259
უკან

APM Terminals-ი საქართველოში $250-დან $300 მილიონამდე მოცულობის ინვესტირებას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა იგორ ვან დენ ესსენმა და საქართველოში APM Terminals-ის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა განაცხადეს. APM Terminals-ის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტში მათი პარტნიორი PNTC (ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი) იქნება. როგორც ცნობილია აღნიშნული კომპანიის მეწილეები ამჟამადაც საქმიანობენ ფოთში და მისი მეხუთე ტერმინალის გრძელვადიან იჯარასაც ფლობენ.

ახალი ნავმისადგომის ასაშენებლად, APM Terminals-ი ფოთის პორტის მომიჯნავედ არსებული 351,056 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის გადაცემას ითხოვს. სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე გასცა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-მა სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ დოკუმენტი, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა, 2019 წლის პირველი მაისს ბრძანება ტექნიკურ ხარვეზებს შეიცავდა, რადგან მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც ის უნდა გამოცემულიყო არ იყო შესრულებული, ხოლო ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო არ იყო საქმის კურსში თუ რას აკეთებდა მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ი. ნათია თურნავამ აღნიშნული ბრძანება გააუქმა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი სამსახურიდან გაათავისუფლა. თავად APM Terminals-მა მომხდარის შემდეგ, სამინისტროსგან შიდა უწყებრივი მოკვლევა მოითხოვა, რომელიც კლაუს ლოურსენის თქმით, ამჟამადაც მიმდინარეობს.

APM Terminals-ის ევროპის ოფისის ხელმძღვანელის, იგორ ვან დენ ესსენის თქმით, ის ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობს საქართველოს მომხმარებლებთან, პარტნიორებთან, თანამშრომლებთან და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შესახვედრად. მან ასევე განაცხადა, რომ ის მიმდინარე კვირაში ნათია თურნავასთან გეგმავს შეხვედრას.

ახალი ტერმინალის შესახებ კი APM Terminals-ის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ნავმისადგომის სიღრმე 13.5-14.5 მეტრი იქნება და ის როგორც ნაყარ, ასევე კონტეინერიზირებულ ტვირთებისთვის იქნება განკუთვნილი. ახალი ნავმისადგომი ნავსადგურს, წლიურად, დამატებით 10 მილიონ ტონა ტვირთის გადამუშავების საშუალებას მისცემს. BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ახალი ტერმინალის აშენება მაშინ, როდესაც წარსულში ამის საჭიროებას ვერ ხედავდა, კლაუს ლოურსენი ამბობს, რომ ამის მიზეზი ტვირთბრუნვის გაზრდილი ნაკადია, თუმცა, ამ ზრდის მიუხედავად, ლოურსენი ფიქრობს, რომ ნაკადი არ არის იმ მოცულობის, რომ მან ორი ახალი პორტის ოპერირების საჭიროება განაპირობოს.

"მსურს, უფრო მეტი მოგახსენოთ ჩვენი პროექტის შესახებ, ჩვენ გვსურს ავაშენოთ როგორც ნაყარი ტვირთების, ასევე საკონტეინერო ტერმინალი. ნაყარი ტვირთების მიმართულებით ვიმუშავებთ, ხორბალზე, მადნეულსა თუ სხვა მინერალებზე. ეს იქნება დაახლოებით 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომი, ამასთანავე, ჩვენ ავაშენებთ 300 მეტრის სიგრძის საკონტეინერო გემების ნავმისადგომს. შესაბამისად, 13.5-14.5 მეტრი სიღრმის მქონე ნავმისადგომი Panamax-ის ტიპის 60,000 ტონამდე ტვირთამწეობის გემების მომსახურებას შეძლებს.

ჩვენ მოსალოდნელი ტვირთბრუნვის ძალიან დეტალური ანალიზი გავაკეთ, ერთიანობაში შევისწავლეთ კავკასიის რეგიონის ლოგისტიკური კორიდორი. და ამ გათვლების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ $250-300 მილიონის ინვესტირება მოვახდინოთ ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ადეკვატური ინვესტიცია არსებული ზრდის საპასუხოდ და ისეთი ტვირთების მოსაზიდად, რომლების ამჟამად არ სარგებლობენ ჩვენი სატრანსპორტო დერეფნით. 

ჩვენ ანალიზზე დაყრდნობით, ვერ ვხედავთ იმას, რომ არსებობს ტვირთების ის მოცულობები, რომელიც საქართველოში ორი ღრმაწყლოვანი პორტის საქმიანობისთვის არის საკმარისი,"- ამბობს APM Terminals-ის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი იგორ ვან დენ ესსენი.

კითხვა - რაც შეეხება ანაკლიის პორტს, როგორ ხედავთ და წარმოგიდგენიათ სინერგია ორ ახალ პორტს შორის?

პასუხი - " როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმ მოცულობის ტვირთებს, რომელსაც ორი ახალი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მხარდაჭერა შეუძლია. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ თანაბარი თამაშის წესების პირობებში მოგვიწევს საქმიანობა, ასეთ ჯანსაღ კონკურენციას მივესალმებით. კონკურენცია ყოველთვის სასარგებლოა, თუმცა ასევე ვიტყვი, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ ტვირთების შესაბამის მოცულობას, ეს არის ჩვენი ანალიზი,"- ამბობს იგორ ვან დენ ესსენი.

კითხვა - ვინ არიან თქვენი პარტნიორები და რა სახის თანამონაწილეობაზე არის საუბარი?

"ამ პროექტში ჩვენი პარტნიორი არის ქართული კომპანია "ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი", რომელიც ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის ინვესტორების მოძიებით არის დაკავებული. პარტნიორობის გეგმის მიხედვით, ისინი ნაყარი ტვირთების ნავმისადგომის ოპერირებაში და ახალი ტვირთების მოზიდვაში იქნებიან ჩართულები.

რაც შეეხება ჩემ განცხადებას ღრმაწყლოვანი პორტის თაობაზე, ეს უკავშირდება იმ გეოგრაფიულ შეზღუდვებს, რომლებიც შავ ზღვას აქვს. ბოსფორის სრუტეში გავლა მხოლოდ განსაზღვრული ზომის ხომალდებს შეუძლიათ, ასევე ბაზრის ზომა და ლოგისტიკური კავშირი გლობალურ ვაჭრობასთან მიმართებით არის იმგვარი, რომ აღნიშნულ რეგიონში არ არის საჭირო განსაკუთრებით დიდი ზომის საკონტეინერო გემების მოძრაობა, შესაბამისად არ არის საჭირო პორტი, რომლის სიღრმეც 16-18 მეტრია, ეს უბრალოდ გაუმართლებელი ინვესტიცია იქნებოდა. კიდევ მრავალი წელი არ იქნება საქართველოში დიდი, 4500 TEU-ზე მეტი ტვირთამწეობის გემების შემოსვლის საჭიროება" - ამბობს კლაუს ლოურსენი.