მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასების ნომინალურმა ზრდამ წლიურად 10.0% შეადგინა – სებ-ი

5f35315ddea5e
თამთა ჯიჯავაძე
13.08.20 18:00
1156
ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასების ნომინალურმა ზრდამ წლიურად 10.0% შეადგინა და ეს მაჩვენებელი 2020 პირველ კვარტალში საშუალოდ თვეში 1,424 ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში", რომელსაც ყოველკვარტალურად გამოსცემს.

სებ-ის ანგარიშის თანახმად, პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი წლიურად 6.4%-ით გაიზარდა.
„ეს ბოლო წლების განმავლობაში შედარებით მაღალი მაჩვენებელია (იხ. დიაგრამა 1.4.1). ამ მაჩვენებლის ზრდის მიზეზი პანდემიის შედეგად გამოშვების შენელებაა, რა დროსაც საწყის ეტაპზე მომუშავე პერსონალს შრომის ანაზღაურების განაკვეთები ძირითადად შეუნარჩუნდათ. პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის ზრდა ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული ზრდა ზომიერად შეიძლება ჩაითვალოს“, – წერია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკაში ერთ დასაქმებულზე წარმოებული რეალური დამატებული ღირებულება (შრომის ნაყოფიერება/პროდუქტიულობა), 2020 წლის პირველ კვარტალში წლიურად 3.4%-ით გაიზარდა.

როგორც სებ-ის ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი მომსახურების სფერო იყო და პროდუქტიულობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც (3.1%) ამავე სფეროში აღინიშნა. ინდუსტრიულ დარგებში შრომის ნაყოფიერება 17.0%-ით, ხოლო სოფლის მეურნეობაში კი 0.2%-ით შემცირდა.