მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა - ბაზრის ლიდერი „თიბისი დაზღვევაა“

64355df063a50
ვიქტორია მღებრიშვილი
11.04.23 17:52
813
საქართველოში 2022 წელს დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 8.5%-ით გაიზარდა, თუმცა ქვეყანაში ავტომობილების ბაზარზე დაზღვეული ავტომობილების წილი უცვლელი რჩება.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სადაზღვევო ბაზრის ფინანსური და სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. [რეგისტრირებული ავტომობილებში დაზღვევის მაჩვენებელი 2021 წელს 7%-ს შეადგენდა].

დაზღვეული ავტომობილების რაოდენობის ზრდა და რეგისტრირებულ ავტომობილებში უცვლელი დაზღვევის წილი იმაზე მეტყველებს, რომ 2022 წელს ზოგადად ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მაჩვენებელი გაიზარდა.

რაც შეეხება, დაზღვეული მანქანების რაოდენობის ზრდას, 2022 წელს ავტოდაზღვევის პოლისების რაოდენობა 114 447-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 105 423 იყო.

სადაზღვევო ბაზრის ფინანსური მაჩვენებლის თანახმად, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობამ 2022 წელს ჯამში 909.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის პრემიას 17.7%-ით აღემატება. დაზღვევის სახეობების რეიტინგში ავტომობილების დაზღვევას, ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ავტოდაზღვევაში მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობა გასულ წელს 166 მლნ ლარი იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს თითქმის 16%-ით აღემატება.

ავტოდაზღვევაში მოზიდული პრემიის რაოდენობით სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი ასეთია:

1. „თიბისი დაზღვევა“ ბაზრის 30%-იან წილს ფარავს. გასული წლის განმავლობაში კომპანიამ ავტოდაზღვევით ჯამში 49,3 მლნ ლარის პრემია მოიზიდა;
2. „ალდაგის“ წილი ბაზარზე 20%-ია 33 მლნ ლარის მოზიდული პრემიით;
3. „ჯიპიაის“ 14%-იანი წილი უკავია, 23.9 მლნ ლარით;
4. „ირაოს“ – 6%-იანი წილი, 9.9 მლნ ლარით;
5. „არდის“ – 5%-იანი წილი, 7.6 მლნ ლარით;
სხვა კომპანიები კი ჯამურად ავტოდაზღვევაში მოზიდული პრემიით 25%-იან წილს მოიცავენ 42.3 მლნ ლარით.