მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში ფუნქციონირებენ ნავთობბაზები, რომლებსაც არ აქვთ გავლილი ტექნიკური ინსპექტირება - BAG

5f215a5ca3ab8
BM.GE
29.07.20 15:14
900
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელ შავლეგ მიშველაძის განცხადებით, ქვეყანაში ფუნქციონირებენ ნავთობბაზები, რომლებსაც არ აქვთ გავლილი ტექნიკური ინსპექტირება.

ინფორმაციას BAG ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“არაერთხელ გვისაუბრია, რომ ქვეყნის სანავთობო ინდუსტრია სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და პრობლემათა პალიტრა პრაქტიკულად ყოვლისმომცველია. საქართველოში არსებული ნავთობბაზების უმრავლესობა გასული საუკუნის ბოლოს არის აშენებული და შესაბამისად, საჭიროებს მუდმივ მონიტორინგსა და დაკვირვებას ტექნიკური უსაფრთხოების შესაბამისობის კუთხით.

არ არის რთული წარმოსადგენი, თუ რა ტიპის რისკებზეა საუბარი, როდესაც საქმე ეხება ათასობით ტონის შესანახად განკუთვნილ საწვავის რეზერვუარებს: ხანძრის აღმოჩენის და ხანძარქრობის სისტემა, რეზერვუარის გაგრილების სისტემა, ნავთობის დაღვრის შემაკავებელი ზღუდე, სანიაღვრე სისტემები და მრავალი სხვა უსაფრთხოების შემადგენელი კომპონენტი ქმნის აუცილებელი ღონისძიებების პირობებს ნავთობბაზების, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების ფუნქციონირებისათვის. ქვეყანაში ოთხ ათეულზე მეტი სხვადასხვა მოცულობის ნავთობბაზა ფუნქციონირებს და მათ ნაწილს დღემდე არ აქვს გავლილი კანონით განსაზღვრული ტექნიკური ინსპექტირება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საზოგადოების წინაშე უსაფრთხოების ნორმების დაცვის პასუხისმგებლობა არის ყველა გასამართი სადგურისა და ნავთობბაზის მესაკუთრეთა უმნიშვნელოვანესი ვალდებულება. სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტქნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელობა ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს აღნიშნულ პრობლემას და ერთხელდასამუდამოდ მოაწესრიგებს ნავთობბაზების ინსპექტირებისა და სერტიფიცირების საკითხს.

ჩვენ გავაგრძელებთ საკითხის მონიტორინგს და საზოგადოებას, პერიოდულად მივაწვდით შესაბამის ინფორმაციას“, - აცხადებს მიშველაძე.