მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქვეყანაში რომ მწვანე პასპორტის 2 აპლიკაცია გვჭირდება, დაუგეგმავი გადაწყვეტილების შედეგია” - ირაკლი გამყრელიძე

61a7a3b0244f6
ანუკა ჯოხაძე
01.12.21 20:37
934
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
• არის სრულად ვაქცინირებული;
• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;
• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;

პანდემიის ეფექტიანი მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.

CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს.

ის, რომ ქვეყანაში ორი აპლიკაცია და ორი QR კოდია საჭირო ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კრიტიკას იმსახურებს. თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება ერთი აპლიკაციითაც შეიძლებოდა, რომელიც ბევრ პრობლემას გადაჭრიდა.

“ალბათ ორგანიზაციულ ნაკლოვანებებთან გვაქვს საქმე. ეს არის წინასწარ დაუგეგმავი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვება ის, რომ ქვეყანაში გვჭირდება ორი აპლიკაცია, ორი QR კოდი. ჩემთვის მაგალითად ლოგიკური ახსნაა, რომ არსებობს QR კოდი, რომელიც მე შემიძლია გამოვიყენო მსოფლიოს მასშტაბით ყველგან, სადაც მე უვადო მწვანე პასპორტი ვერ მექნება. თუმცა საქართველოში ვინაიდან სპეციფიკური მწვანე პასპორტი გვაქვს, უვადო მწვანე პასპორტით სარგებლობაც შესაძლებელია. ასეთი წვრილმანებიდან გამომდინარეობს ყველა ის პრობლემა, რომელიც წინ გვხვდება. დღესაც დილით თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე უკვე დაიწყო ამ პროცესის მართვა, მაგრამ QR კოდები არცერთ აპლიკაციაში არ იკითხება. არ შეიძლება ჩვენ ასეთი პროცესები ვმართოთ სუფრის მართვის პრინციპით, რომ თამადამ მიიღოს გადაწყვეტილება სადღეგრძელო როდის დალიოს”, - აცხადებს ირაკლი გამყრელიძე.

რა განსხვავებაა აპლიკაციებს - CovidPass Georgia-სა და Georgia e-Health-ს შორის?