მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში სიღარიბე კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება, მით უმეტეს ბავშვთა სიღარიბე“ - დიმიტრი ხუნდაძე

6079631e5f0e7
ინგა მურუსიძე
16.04.21 14:33
524
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ბავშვთა სიღარიბის დაძლევის, კონკრეტული პროგრამის შემუშავების და მისი განხორციელების გეგმის წარმოდგენასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში 2009 წლიდან 2017 წლამდე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 13%-დან 6.2%-მდე შემცირდა; 2015 წელს 3%-იც კი იყო, მაგრამ კოვიდ პანდემიის შემდეგ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაც ვარდნას განიცდის, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს შინამეურნეობების ბიუჯეტზე, შესაბამისად ბავშვების წინაშე არსებული რისკები შემცირების ნაცვლად იზრდება და ისინი უფრო მეტად დგებიან სიღარიბის საფრთხის წინაშე.

„შესაბამისად, კონკრეტული ოჯახების, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. მოსალოდნელია, რომ ბავშვთა სიღარიბე კიდევ უფრო გამწვავდეს, ამიტომ, საჭირო გახდა კონკრეტული პროგრამების რაც შეიძლება სწრაფად შემუშავება, რათა კიდევ უფრო მეტი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდნენ მოზარდები“, - ითქვა შეხვედრაზე.

სწორედ ამ მიზნით, დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძისა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის, ღასან ხალილის შეხვედრა, რომელიც გასულ კვირას შედგა. მაშინ დაიგეგმა სწორედ ფორსირებული მუშაობის აუცილებლობა კონკრეტული სოციალური პროგრამების შესამუშავებლად, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბავშვთა სიღარიბის შეჩერებას და შემდეგში მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

„ქვეყანაში სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველ პრობლემად რჩება, მით უმეტეს ბავშვთა სიღარიბე. მიუხედავად იმისა, რომ 2009-2010 წლების შემდეგ დინამიკა ქვეყანაში სიღარიბის კუთხით არის პოზიტიური, ანუ მცირდება დინამიკა და ყველაზე უკეთესი შედეგი იყო 2015 წელს. ამის შემდეგ იმ პერიოდისათვის ეკონომიკური კრიზისის და ინფლაციის ფონზე კიდევ დაიწყო გაუარესება. ამას, რა თქმა უნდა, ემატება კოვიდ ინფექცია, რამაც თითოეული ოჯახის შინა მეურნეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და ბავშვები სიღარიბეში ცხოვრების მომატებული რისკის წინაშე დადგნენ.

ამიტომ, გარდა იმ პროგრამებისა, რასაც აქამდე სახელმწიფო ახორციელებს, დამატებით 700 მილიონ ლარზე მეტის სხვა სოციალური პროგრამები განახორციელა, რამაც რა თქმა უნდა, სიმწვავე შეამსუბუქა, მაგრამ პრობლემა ისევ პრობლემად რჩება და რადგან კოვიდ ინფექცია ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში ამყოფებს მთელ მსოფლიოს, შესაძლოა სიღარიბე კიდევ უფრო მეტ პრობლემად იქცეს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში მივიღოთ გადაწყვეტილებები, დავამუშავოთ კიდევ დამატებითი სოციალური პროგრამები, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში, რომ ბავშვები ვიხსნათ სიღარიბისაგან“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, იუნისეფის, სამინისტროს და კომიტეტის წევრების მონაწილეობით დღეს მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა უმოკლეს დროში განსახორციელებელ გეგმებზე შეთანხმდნენ.

„დღევანდელი შეხვედრა მეტ კონკრეტიკას ეხებოდა. დავგეგმეთ და გავინაწილეთ ფუნქციები, თუ რომელი უწყება რა მიმართულებით აიღებს ვალდებულებას, მაგალითად იუნისეფი აქტიურად იმუშავებს გადაწყვეტილების სავარაუდო ეფექტურობის ანალიზზე და შესაბამისი ინდიკატორებით მის გაზომვაზე. მიზნობრივი კვლევები იქნება ძალიან სასარგებლო, თუ ინტერვენციები რომელი მიმართულებით იქნება უფრო ეფექტური. ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს სავარაუდო პროგრამების მოდელირებას და მის სავარაუდო ფინანსურ რესურსებს გათვლის, მოახდენს უკვე არსებული კვების ვაუჩერის ინდექსაციას და შესაძლებლობების გაზომვას. ეს საკითხები დაგვეხმარება კონკრეტული გადაწყვეტილებების რაც შეიძლება დროულად მიღებაში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.