07.აგვისტო .2020 22:00

ქვეყნები, სადაც 2013 წელს საქართველოში წარმოებული ამონიუმის გვარჯილა გაიგზავნა

views 1220
უკან

ამონიუმის ნიტრატის მწარმოებელმა კომპანიამ „რუსთავის აზოტმა“ გუშინ, ბეირუთის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობდა იმის შესახებ, რომ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის გვარჯილა, რომელიც 2013 წელს საქართველოში გემზე დაიტვირთა სწორედ "რუსთავის აზოტის" წარმოებული იყო.

„გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, აფეთქების მიზეზი იყო 2013 წელს საქართველოდან, კერძოდ, რუსთავიდან ექსპორტირებული ამონიუმის ნიტრატი. გამომდინარე იქიდან, რომ სს “რუსთავის აზოტი” ქარხნის ოპერირებას აწარმოებს ბოლო 3 წელია, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, ქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად იყო თუ არა 2013 წელს საქართვლოში, კერძოდ, რუსთავში ნაწარმოები“, - წერია კომპანიის განცხადებაში. 

BM.GE-ი დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში და რა მოცულობით გადის ამონიუმის ნიტრატი საქართველოდან ექსპორტზე და ვინ იყვნენ 2012-2020 წლებში ამ პროდუქტის ექსპორტიორები.

საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს მსოფლიოს 12 ქვეყანაში 130.1 მლნ დოლარის ღირებულების 433 631.7 ტონა ამონიუმის ნიტრატი გავიდა ექსპორტზე. სარეალიზაციო ქვეყნების ჩამონათვალს შორის კი არ გვხდება ლიბანი:

1. ბულგარეთი - 31.8 მლნ დოლარი, 105 987.6 ტონა;
2. თურქეთი - 31.3 მლნ დოლარი, 111 870.4 ტონა;
3. აშშ - 27.4 მლნ დოლარი, 92 436.5 ტონა;
4. სომხეთი - 12.5 მლნ დოლარი, 35 122 ტონა;
5. საფრანგეთი - 6.5 მლნ დოლარი, 20 418 ტონა;
6. მოზამბიკი - 6.3 მლნ დოლარი, 22 335 ტონა;
7. საბერძნეთი - 5.0 მლნ დოლარი, 15 486.5 ტონა;
8. ესპანეთი - 3.6 მლნ დოლარ, 12 780.1 ტონა;
9. რუმინეთი - 2.1 მლნ დოლარი, 7 409.0 ტონა;
10. გაერთიანებული სამეფო - 1.4 მლნ დოლარი, 4 229.9 ტონა;
11. იტალია - 986.5 ათასი დოლარი, 2 944.9 ტონა;
12. აზერბაიჯანი - 915.9 ათასი დოლარი, 2 611.5 ტონა.

აღსანიშნავია, რომ BM.GE-მ საქსტატიდან ვერ მიიღო ინფორმაცია კომპანიების შესახებ, რომლებიც პროდუქტს 2012, 2013, 2014, 2015 და 2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე უშვებდნენ. საქსტატში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია. როგორც საქსტატის პასუხშია აღნიშნული: „კომპანიების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 28-ე მუხლის თანახმად (ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა) და გაცემას არ ექვემდებარება". BM.GE-ის საქსტატში განუმარტეს, რომ აღნიშნულ პერიოდებში ექსპორტს 3 კომპანიაზე ნაკლები ბიზნეს სუბიექტი ეწეოდა, შესაბამისად ამ ინფორმაციის გაცემა ეწინააღმდეგება მონაცემების კონფიდენიციალობას.

რაც შეეხება ექსპორტიორ კომპანიებს სხვა წლებში, ესენი იყვენენ:

2016 წელი - შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია; შპს ელბა გრუპი; შპს რუსთავის აზოტი.
2017 წელი - შპს ელბა გრუპი; სს რუსთავის აზოტი; შპს ელბა პლიუსი; შპს რუსთავის აზოტი;
2018 წელი - შპს გეომარი-საზღვაო კონსულტანტები და სიურვერები; შპს სჯს ჯორჯია; სს რუსთავის აზოტი; შპს გლობალ მაინინგ; შპს ელბა პლიუსი;
2019 წელი - შპს "გეორგია"; სს რუსთავის აზოტი; შპს ელბა პლიუსი

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა