მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, საიდანაც საქართველო პირველ ტურისტებს მიიღებს - პრემიერის განცხადება

5eda2f5c27769
ინგა მურუსიძე
05.06.20 15:45
1240

ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ავსტრია, საბერძნეთი... ეს იმ ქვეყნების ნაწილია, საიდანაც საქართველო პირველ ტურისტებს მიიღებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც გვაქვს შანსი, რომ პირველი ტურისტები მივიღოთ. ეს ქვეყნებია: ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია და მერე მივყვებით სხვა ქვეყნებს. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ინფექციის გავრცელების მართვა ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგში, ხოლო ეს შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. ახლა ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული, მე ვარ დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაიცავთ ამ წესებს და თქვენ ხართ დამოკიდებული მთავრობაზე, თუ რა რაოდენობის ტურისტებს ჩამოვიყვანთ, რომელი ქვეყნებიდან და რამდენად ორგანიზებულად.

ჩვენ ახლა ძალიანა აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი, როგორც ჩანს იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქუთაისი და შემდეგ ბათუმი. ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ“, - განუცხადა გახარიამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს.

პრემიერის თქმით, საქართველომ თავის ბრენდირებას, რაც არის ღვინო, სამზარეულო, ბუნება და ა.შ. უნდა დაამატოს ისიც, რომ კარგად ებრძვის და უმკლავდება ინფექციას.

„იმას, რაც გვქონდა აქამდე და რაზეც ავაგეთ ჩვენი რეკლამა, რითაც გავაცანით მსოფლიოს საქართველო - ისტორია, ბუნება, გეოგრაფია, სამზარეულო, ღვინო - ამ ყველაფერს უნდა დავამატოთ ისიც, რომ ჩვენ სხვებთან შედარებით ეფექტურად ვმართავთ ინფექციას. საქართველოს ტურისტული ბრენდი უნდა გაძლიერდეს იმით, რომ ეს ხალხი ინფექციასაც კარგად მართავს“, - თქვა გახარიამ.


 

 

შეგახსენებთ, საქართველო ტურისტებისთვის 1 ივლისიდან იხსნება.