მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით, აჭარის ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება - TBC

62c2b454e2507
გიორგი თოლორდავა
04.07.22 19:46
1271
თიბისიმ აჭარის ტურიზმის, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული უძრავი ქონებისა და მაკროეკონომიკური ინდიკატორების შესახებ, განახლებული კვლევა წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით, აჭარის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად იზრდება და მისი ზრდის მოლოდინი დაახლოებით 18.5%-ს შეადგენს. ბუნებრივია, ტურიზმზე რეგიონის უფრო მაღალი დამოკიდებულების გამო, 2020 წელს ვარდნა მეტი იყო, თუმცა აღდგენაც უფრო სწრაფი იქნება.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2022 წელს აჭარის ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში თითქმის 10%-ს შეადგენს. ასევე მზარდია აჭარის წილი საბანკო დაკრედიტებაში და ის თანხვედრაშია საქართველოს ეკონომიკაში აჭარის წილთან.

აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 10%-ზე მეტს შეადგენს.

აჭარის ეკონომიკის ნახევარზე მეტი ტურიზმის სექტორთანაა დაკავშირებული. სასტუმროებისა და რესტორნების, სხვა ტურისტული მომსახურებისა და უძრავი ქონების ოპერაციების წილი აჭარის ეკონომიკის, დაახლოებით, 35%-ს შეადგენს.

სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური ინდიკატორების მიუხედავად, აჭარაში გამოწვევად რჩება ინფლაცია, რომლის მაჩვენებელი 2022 წლის მაისის მდგომარეობით, 13.9%-ია. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის თანახმად, 2022 წლის ბოლოს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით - დაახლოებით 2.85, ევროსთან მიმართებით კი 3.1 იქნება.

აჭარაში დასაქმებისა და ხელფასის მაჩვენებლები ეკონომიკურ აქტივობასთან თანხვედრაშია. 2022 წლის პირველ კვარტალში, აჭარის ბიზნესსექტორში დასაქმების მაჩვენებელი 12.3%-ით აღდგა. ამავე პერიოდში, საშუალო ხელფასის ზრდამ 20.8% შეადგინა, თავად საშუალო ხელფასმა კი - 1257 ლარი.

სექტორული კვლევის თანახმად, აჭარაში ტურიზმი, გამოწვევების მიუხედავად, ძლიერ აღდგენას განაგრძობს. 2022 წლის მაისის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 319 796 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა. მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა კი, 259 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 96%-იან აღდგენას ნიშნავს.

ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ბათუმში ტურიზმის აღდგენა კიდევ უფრო ძლიერია. 2022 წლის პირველ კვარტალში, ბათუმში 173 000 საერთაშორისო და 368 000 ადგილობრივი ვიზიტი დაფიქსირდა. ბათუმის აეროპორტით ჩამოსულ საერთაშორისო ტურისტებში ყველაზე დიდი წილი, წინა წლების მსგავსად, ისრაელის მოქალაქეებს უკავიათ.

2022 წლის მაისის მონაცემების თანამხად, სასტუმროებში 70%-იანი დატვირთულობა ფიქსირდება, სასტუმროების საშუალო დღიური ფასი კი 90$-ია. ზაფხულში სასტუმროების 85%-იანი დატვირთულობა და 320 000 ვიზიტორია მოსალოდნელი.