მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვრივიშვილი „აგროტურიზმის“ კანონპროექტზე: „შეიძლებოდა გასაჯაროვებამდე მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო სექტორთან“

602d3146e7b02
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.21 21:24
768
პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ მე-9 მოწვევის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა აღნიშნული იმით ახსნა, რომ დღეისთვის ტურიზმის შესახებ კანონპროექტის დამუშავება მიდის, რომელიც აგროტურიზმსაც მოიცავს. აღსანიშნავია, რომ აგროტურიზმის კანონპროექტის ჩარჩო-დოკუმენტზე ფერმერთა ასოციაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ISET-თან და მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად 1.5 წლის განმავლობაში იმუშავა, მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ კი მედიიდან შეიტყეს, რამაც ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ზამბახიძის გაღიზიანებაც გამოიწვია.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გადაცემა „ქალების ნარატივში“ წამყვანმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრს მარიამ ქვრივიშვილს საკითხის შეფასება სთხოვა, რაზეც პარლამენტარმა განუცხადა, რომ ადგილი ჰქონდა არასწორ კომუნიკაციას. ის მიიჩნევს, რომ დარგის განვითარებისთვის კანონპროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მნიშვნელოვანია, განვმარტოთ რომ ამ კანონპროექტის განხილვა არ შეჩერებულა, უბრალოდ გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის იყო ის, რომ გაერთიანდეს აგროტურიზმის კანონპროექტი ტურიზმის ჩარჩო კანონპროექტში, რომელზე მუშაობაც უკვე 1 წელზე მეტია მიმდინარეობს. აგროტურიზმის კანონპროექტის შინაარსი ეხება კერძო სექტორის მხარდაჭერას, იმისთვის, რომ ბიზნესებს რომლებიც ოპერირებენ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში, მეტი მოტივაცია ჰქონდეთ რომ მათი ბიზნესი სერვისის ნაწილში ტურიზმის მიმართულებით მეტად განავითარონ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი კანონპროექტი იყო, თან ინიცირებულია ასოციაციის მიერ. ზოგადად დონორი ორგანიზაციები და კერძო სექტორი ძალიან აქტიური წევრი იყო. მქონდა შესაძლებლობა რომ ორივე კანონპროექტში აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული. ვფიქრობ, რომ ბევრი გაკეთდა და საკმაოდ დაიხვეწა პირველადი ვარიანტი, რომელიც ორივე კანონპროექტზე გაგვაჩნია.

საქმე გვაქვს უფრო მისკომუნიკაციასთან, ვიდრე უარის თქმასთან, იმ კანონპროექტზე, რომელზეც ყველას კარგად ესმის, რომ მნიშვნელოვანია აგროტურიზმის ხელშესაწყობად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ 2021 წელი აგროტურიზმის წლად დაასახელა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ის ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგი იქნებოდა მის ინციატორებთან წინასწარი შეხვედრა.

„მე, კვლავ მომხრე ვარ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები, რასაც ჩვენ მივიღებთ საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაში დაფუძნებული იყოს კერძო სექტორთან ორმხრივ დიალოგზე.

ალბათ, შეიძლებოდა, რომ გასაჯაროვებდამდე მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო კერძო სექტორთან, განსაკუთრებით, ინიციატორებთან, იმისთვის რომ არ შექმნილიყო ასეთი ვითარება. ვფიქრობ, რომ ასეთი გამწვავებული შეფასებებიც ალბათ, არასამართლიანია, რადგან არ გვაქვს სიტუაცია, როცა კანონპროექტზე უარი ითქვა“, - განმარტავს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.

ის ვერ აზუსტებს როდის დასრულდება ტურიზმის კანონპროექტზე მუშაობა და იმედს იტოვებს, რომ კერძო სექტორთან ურთიერთობა იმავე ხარისხით აღდგება, რაც მანამდე იყო.

„არ მესახება ორ გაერთიანებულ კანონპროექტზე მუშაობა კერძო სექტორის მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე, იმიტომ რომ ეს კეთდება პირველ რიგში მათთვის და იქნება ეს განსხვავებული თუ იდენტური მოსაზრებები, უნდა გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა მან.