მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვრივიშვილი ღარიბაშვილს კურორტების გახსნას და შეზღუდვების შემსუბუქებას ურჩევს

6033c250b8277
ინგა მურუსიძე
22.02.21 18:57
2354
პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ, რომლის დროსაც მთავრობის მომავალ მეთაურს კითხვები დაუსვეს  დეპუტატებმაც, მათ შორის იყო მარიამ ქვრივიშვილიც, რომლის შეკითხვა რიგი covid-შეზღუდვების მოხსნას და ზამთრის კურორტებზე არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

„მინდა, ტურიზმის ხელშეწყობის საკითხი ერთიანი და კომპლექსური ფორმით დავაყენო. პირველ რიგში, ვისაუბრებ ზამთრის კურორტების ამოქმედების მნიშვნელობაზე. ჩვენ გვესმის, რომ დრო საკმაოდ შეზღუდულია სეზონიდან გამომდინარე, თუმცა მინდა გთხოვოთ, თუ განვიხილავთ ზამთრის კურორტების გახსნის საკითხს, ეს გავაკეთოთ არა მხოლოდ სასტუმროების გახსნით, არამედ საბაგიროების გახსნასთან ერთად, რომ კერძო სექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს შიდა და თუნდაც ცოტა საერთაშორისო სტუმარი. საბაგიროებს რაც შეეხება, ვფიქრობთ, ნაკლები რისკია მისი სპეციფიურობიდან და აღჭურვილობიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, საბაგიროები მართულია სახელმწიფო სსიპ-ის მხრიდან და თუნდაც მკაცრი შეზღუდვებით გვექნება შესაძლებლობა, შევძლოთ მკაცრი მონიტორინგი.

მეორე ეხება რესტორნებს, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ. მისასალმებელია, რომ მათ შეუძლიათ სტუმრებს გარე სივრცეებში უმასპიძლონ, თუმცა უკვე ძალიან სჭირდებათ, რომ უმასპინძლონ შიდა სივრცეებშიც, თუნდაც მკაცრი რეგულაციებით. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ის თანამშრომლობა, რაც კერძო სექტორს აქვს ეკონომიკის სამინისტროსთან და ის რეგულაციებიც, რაც ამოქომედდა 1 თებერვლიდან ტურისტების მიღების კუთხით.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და კომენდანტის საათი. თხოვნა არ ეხება სრულებით გაუქმებას, ჩვენ გვესმის რისკები, თუმცა 1-2 საათით კომენდანტის საათის გადაწევა მისცემს საშუალება კერძო სექტორს, რეგიონს და სოფელს, რომ ტურიზმის ეკონომიკური სარგებელი არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქალაქზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით განვავრცოთ“, - მიმართა პრემიერობის კანდიდატს მარიამ ქვრივიშვილმა.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატს მოკლედ უპასუხა, რომ უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ზეგ გაიმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და არსებული შეზღუდვების 80% მოიხსნება.

ცნობისთვის: stopcov.ge-ის ინფორმაციით, 21 თებერვლის მდგომარეობით, ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.6% იყო, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.6%.