მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვრივიშვილი: გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტების ნაკადის ზრდა ფიქსირდება

5e1369662e302
BM.GE
06.01.20 21:04
1297
"ჩვენ ძალიან ბევრი ის გამოწვევა, რომელიც დაფიქსირდა გასულ წლებში, უკვე აღმოფხვრილი გვაქვს - ისეთი მიმართულებები, როგორიც არის საპარკინგე ზონები, საცობების ნეიტრალიზება და სხვა მრავალი", - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ზამთრის კურორტებზე არსებულ პრობლემაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღესდღეობით ფიქსირდება ერთი აქტუალური პრობლემა და ეს არის წყალი.

„გუდაურის მიმართულებით არის ერთი კონკრეტული ლოკაცია ე.წ რედკოს დასახლების ტერიტორია, ყველა სხვა მიმართულებით გუდაურში არ ფიქსირდება პრობლემა. ბაკურიანში დაახლოებით 10-20 პროცენტზე გვაქვს საუბარი, სადაც წყლის პრობლემა შეინიშნება. აქ პოზიტიური მხარე ალბათ ის არის, რომ სვანეთის კურორტზე გამოკვეთილად ჭარბია ტურისტული ნაკადების რაოდენობა. და ამას რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ის ფაქტორიც, რომ სვანეთში თოვლიანობა გვაქვს.
რაც შეეხება სხვა დანარჩენ კურორტებს, გუდაურსა და ბაკურიანში რაოდენობრივად ტურისტების ნაკადის ზრდა ფიქსირდება. ჩვენ ასევე გვაქვს უკუკავშირი ყველა იმ დამსვენებლისგან, რომლებიც სხვა ტერიტორიებზე არიან განთავსებული, სადაც წყლის მიწოდება არ არის პრობლემა. და ეს არის პოზიტიური.

თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევა რჩება ის კონკრეტული ლოკაციები, სადაც მიმდინარეობს 24-საათიანი სამუშაო პროცესები და ჩვენ იმედს ვიქონიებთ, რომ ძალიან მალე ეს ყველაფერი ჩადგება იმ ბუნებრივ მწყობრში, როგორიც უნდა იყოს ყველა ჩვენი ზამთრის კურორტები“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულებისთანავე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები კვლავ ადგილზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, რათა შესაძლო ხარვეზები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.