21.მაისი .2022 10:35

ქვრივიშვილმა TRACECA-ს კონფერენციაზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა

ქვრივიშვილმა TRACECA-ს კონფერენციაზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა
views 539
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო USAID-ისა და TRACECA-ს პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოში სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის პერსპექტივები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციები, რომლებიც TRACECA-ს პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობენ.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოზე, როგორც რეგიონის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ამ ფუნქციის განვითარებას უწყობენ ხელს. მისი თქმით, რეგიონში გაიზარდა ინტერესი საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების მიმართ და ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა პრიორიტეტულ პროექტებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ასევე საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო კავშირების განვითარებაზე ევროკავშირთან, მათ შორის, საფიდერო და საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაზე, რომელმაც უნდა გაზარდოს ტვირთბრუნვა აზიიდან სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს გავლით ევროპაში და პირიქით. მისი თქმით, საქართველოს შესწევს ძალა, რათა მოემსახუროს გაზრდილ ტვირთნაკადს საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით, აგრეთვე აქტიურად მუშაობს მისი განვითარების მიმართულებით.

დაგეგმილია, რომ კონფერენციის საერთაშორისო მონაწილეები დაათვალიერებენ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, გაეცნობიან პორტების და საბაჟო-გამშვები პუნქტების საქმიანობას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა