მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა covid წესები უნდა დაიცვან უცხოელმა სტუდენტებმა საქართველოში სწავლისთვის?

5f59da7b65cbc
ინგა მურუსიძე
11.09.20 10:10
963
საქართველოში სწავლის მსურველი უცხოელი ტურისტებისთვის სპეციალური პროცედურები ამოქმედდა.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებას ითვალისწინებს.

კერძოდ: უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლის მიზნით დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“ ელექტრონულ პროგრამაში სპეციალური აპლიკაციის ფორმის – „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმის“ შევსების გზით.

ელექტრონულ პროგრამაში უცხოელი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გასცემს თანხმობას ან უარს.

საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაციას უცხოელ სტუდენტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, გაიარონ კარანტინი ამ დადგენილებით ფიზიკურ პირთა იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის წესებით განსაზღვრული ვადით. კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების, ასევე სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ხარჯების ანაზღაურება ეკისრებათ უცხოელ სტუდენტებს. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სტუდენტის სტატუსიც აქვს მინიჭებული უცხოელ სტუდენტს, ვალდებულია:

შეამოწმოს შესაბამისი უცხოელი სტუდენტის მიერ ელექტრონულ პროგრამაში შევსებული სპეციალური აპლიკაციის ფორმის სისწორე;

უზრუნველყოს უმაღლესი დაწესებულების მიერ მასთან ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების განთავსების მიზნით შერჩეულ სასტუმროში (ან განთავსების მსგავს საშუალებებში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში უცხოელი სტუდენტის გადაყვანა და განთავსება;

უცხოელი სტუდენტის კარანტინში ყოფნის პერიოდში გააკონტროლოს და კოორდინაცია გაუწიოს მასზე სამედიცინო მეთვალყურეობასა და დაცულობას;

უცხოელი სტუდენტისათვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში მიაწოდოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია“.