მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აფერხებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ენერგეტიკაში?

6138df4b7d775
დავით ჯალაღონია
08.09.21 22:00
1097
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ენერგეტიკამ უცხოური ინვესტიციების სახით, 106.8 მილიონი დოლარი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, ანუ როცა ქვეყანაში კოვიდ პანდემიის პირველი ტალღა იყო, დაახლოებით 13-ჯერ აღემატება, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს 33 პროცენტით ჩამოუვარდება.

აღნიშნული რიცხვების შეფასებისას, განახლებადი ენერგიების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალ ბაზარზე შესვლისთვის ინვესტორი გასაგებ თამაშის წესებსა და ინსტრუმენტებს ითხოვს, რომელთა გამოყენებაც ენერგეტიკის ბირჟაზე უნდა მოხდეს, რომლის ამოქმედებაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

"გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობის ინსტრუმენტი, რომელსაც ინვესტორები იყენებდნენ და გარკვეულწილად თავისი ბიზნესის განჭვრეტადობას ახერხებდნენ. ეს ინსტრუმენტი უკვე 3 წელია გაუქმებულია და საქართველოს მთავრობამ შარშან შემოიღო ახალი ხელშეწყობის მექანიზმი, რომლის მიხედვით, ამბობს - წადი, თავისუფალ ბაზარზე ივაჭრე და მე შენ 1.5 ცენტს დაგიმატებო, ოღონდ არაუმეტეს 5.5 ცენტისა, მაგრამ ქვედა ზღვარი არ არსებობს და თუ ელექტროენერგიის ფასი 0 ცენტი იქნება, რაც ღამის საათებში შესაძლებელია კიდეც, მაინც 1.5 ცენტს დაამატებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ რეფორმის ბოლომდე განხორციელება არ მოხდა.

გეგმის მიხედვით, ამ წლის ივლისში უნდა მომხდარიყო ბაზრის სრულად დერეგულირება, თუმცა, ეს არ მოხდა და წლის ბოლომდე გადაიდო. ახლა ინვესტორისთვის პრაქტიკულად გაუგებარია - არ არსებობს ბაზარი, რაზეც ეს 1.5 ცენტი უნდა დაემატოს. უცნობია, რა ფასწარმოქმნა იქნება ამ ბაზარზე, იმპორტი შეძლებს თუ არა ფასის დემპინგს, მთავრობა შეძლებს თუ არა ფასში ჩარევას, რადგან მთავრობას ენგურის სახით საკმაოდ ბევრი იაფიანი ელექტროენერგია გააჩნია - ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-მდე ენგურიდან იწარმოება, რისი ღირებულებაც 1.3 ცენტია. ამ და სხვა ფაქტორების განჭვრეტას ინვესტორი ვერ ახერხებს.

მაგალითად, დასავლეთში, სადაც ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირება მოხდა, რამდენიმე წელი ხელშეწყობის ინსტრუმენტები მოქმედებდა იმისთვის, რომ ბიზნესი და ინვესტორი ბაზარს შეეჩვიოს, შეიქმნას გარკვეული სტატისტიკა. სამწუხაროდ, ჩვენ შემთხვევაში ეს პირიქით მოხდა - ჯერ ხელშეწყობის ინსტრუმენტები გაუქმდა და ახალი ბაზარიც არ შექმნილა, რომელზეც ახალი ხელშეწყობის ინსტრუმენტია მიბმული, რომელსაც ასევე თავისი მინუსები აქვს", - განაცხადა აბრამიშვილმა.

ამასთან, განახლებადი ენერგიების ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბაზრის რეფორმის პროცესს გარკვეული სოციალური პრობლემებიც ემატება, რაც ახალი ინვესტიციებისთვის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.

"ძალიან რთულია, რომ ჯანსაღმა, დასავლური ტიპის ინვესტორმა განახორციელოს ინვესტირება იმ ბიზნესში, რომელიც ფინანსურად საკმაოდ დაბალმარჟიანია. საკმაოდ გრძელი ვადა სჭირდება საკუთარი ფულის უკუგებას და როცა განჭვრეტადობა არ გაქვს, არ იცი, რა შეიძლება მოხდეს ხვალ, ზეგ და მაზეგ, ამიტომ მცირდება ყოველ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამ სექტორში", - აღნიშნა მან.