25.იანვარი .2020 11:15

რა აფერხებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის დაწყებას?

views 409
უკან

შვეიცარიული კომპანია SGS-ის მიერ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის დასაწყებად სისტემის გამართვა გრძელდება - ამის შესახებ BM.GE-ის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

ამასთან, აბაშიძემ იმ გარემოებებზე ისაუბრა, რამაც მონიტორინგის დაწყება გააჭიანურა.

"ეს პროცესი მიდის, კონტრაქტები გაფორმდა, ფინანსური პრობლემები იყო და მოგვარდა. ახლა ექსპერტები ხვდებიან ერთმანეთს, ბოლო შეხვედრა დეკემბერში იყო. იქ არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც განიხილება, მათ შორის, ტექნიკური ხასიათის, ასე რომ ეს მუშაობა მიმდინარეობს.

როდის დასრულდება ეს პროცესი, ვერ გეტყვით, ძალიან არასტანდარტული პროექტია და ასეთ განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს იმისათვის, რათა იმპლემენტაციის ეტაპზე სწრაფად გადავიდეთ", - განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება ფინანსურ პრობლემებს, მისი განმარტებით, 2011 წლის შეთანხმების შესაბამისად, შვეიცარიული კომპანიის ანგარიშზე მხარეებს გარკვეული გადასახადი უნდა შეეტანათ და ეს გასულ წელს მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით, ტვირთბრუნვის მონიტორინგი 3 თვეში უნდა დაწყებულიყო.

ცნობისთვის: მონიტორინგი 3 სავაჭრო დერეფანზე განხორციელდება - პირველი, რომელიც აფხაზეთის მიმართულებას ფარავს. ის სოჭთან იწყება და ზუგდიდში მთავრდება; მეორე დერეფანი მოიცავს ცხინვალის რეგიონს, ხოლო მესამე - ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მდებარეობს.