მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აფერხებს საქართველოს ცის დატვირთვის აღდგენას?

61e95bb902def
მარიამ ვარადაშვილი
20.01.22 18:20
1209
გასულ წელს საქართველოს საჰაერო სივრცე 87 314-ჯერ გამოიყენეს. 2020 წელთან შედარებით საჰაერო გადაფრენების რაოდენობა 31%-ით არის გაზრდილი, თუმცა 2019 წელთან შედარებით საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაფრენა თითქმის 40%-ით არის შემცირებული.

საქაერონავიგაციის ეკონომიკური სამსახურის უფროსი თეონა ერქომაიშვილი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საჰაერო სივრცის გამოყენების ამ მაჩვენებელზე გავლენას საერთაშორისო ფრენებზე ჯერ კიდევ მოქმედი შეზღუდვები ახდენს. 

მისივე თქმით, 2020-2024 წლებისთვის ევროკონტროლის [საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის] მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი ითვალისწინებს ავიაციის ინდუსტრიის Covid 19-სგან 2019 წლის მონაცემებამდე აღდგენის სამ სცენარს, რაც ვაქცინაციის წარმატებას ეფუძნება. იმ შემთხვევაში, თუ 2022 ზაფხულისთვის გლობალური ვაქცინაცია სრულად დამთავრდება, ევროკონტროლი საჰაერო ტრაფიკის აღდგენას 2019 წლის ფრენების დონემდე 2026 წლისთვის ვარაუდობს. ეს პროგნოზი ორგანიზაციამ 2020 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა

ევროკონტროლის 3 სცენარი:

1პირველი სცენარი - ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება საერთაშორისო მოგზაურებისთვის (ან პანდემიის დასრულება) 2021 წლის ზაფხულისთვის, ამ შემთხვევაში საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის მაჩვენებელს 2024 წლისთვის დაუბრუნდება

2. მეორე სცენარი - ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომია საერთაშორისო მოგზაურებისთვის 2022 წლის ზაფხულისთვის (ან პანდემიის დასრულება და საჰაერო ტრაფიკი 2019 წლის დონეს 2026 წელს უბრუნდება.

3. მესამე სცენარი - ვაქცინა ეფექტიანი არ არის, ვირუსი გახანგრძლივდა, ამ შემთხვევაში ორგანიზაცია 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნებას 2029 წლისთვის პროგნოზირებს.

“გასათვალიწინებელია ის ფაქტორი, რომ ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები, რაც ბუნებრივია, აისახება ყოველდღიურად ავიაკომპანიების მიერ შესრულებულ ფრენებსა და გადაფრენებზე. ამასთან, კონფლიქტებმა ახლო აღმოსავლეთში კონკრეტულად კი ავღანეთში დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესრულებულ გადაფრენებზე. ავიაკომპანიებმა გადაწყვიტეს, თავი აარიდონ ამ სივრცის გამოყენებას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება შემცირდა საჰაერო ნაკადების ჩრდილოეთით და სამხრეთით გადანაცვლების ხარჯზე. რაც შეეხება 2019 წელს, ეს გამორჩეულად კარგი წელი იყო, რადგან ჩვენს საჰაერო სივრცეში ბევრი ფრენა შესრულდა, ამიტომ თუ 2021 წელი 2019 წელს შევადარეთ, 38%-იანი კლება გვაქვს”, - აცხადებს ერქომაიშვილი.

ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობს, ვალდებულია, საჰაერო ნავიგაციის მომსახურების საფასური გადაიხადოს. ეს მოსაკრებელი საქაერონავიგაციის ბიუჯეტში ირიცხება. ჯერჯერობით, უცნობია საქართველოს სახელმწიფომ 2021 წელს რა თანხას მიიღო საჰაერო სივრცის გამოყენების შედეგად.

“საქაერონავიგაცია ხარჯთაბაზას ევროკონტროლში წარადგენს და მომავალი წლისთვის მოსაკრებელი იქ მტკიცდება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი მონაწილეობით ხდება. საჰაერო სივრცის გამოყენების შედეგად მიღებულ თანხაზე პროგნოზს არ გავაკეთებთ და ფინანსური წლის დახურვას დაველოდებით”, - ამბობს ერქომაშვილი.