მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აფერხებს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას? - გიორგი დანელიას მოსაზრება

5efb483c81a3d
თელარა გელანტია
30.06.20 23:20
1400
„ალბათ ეს კომპლექსური საკითხია“, - ასე პასუხობს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მოადგილე გიორგი დანელია bm.ge-ის კითხვას - რა აფერხებს საქართველოში პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების მოზიდვას, რომელსაც ბოლო წლებში კლების ტენდენცია აქვს და ქვეყანაში ახალი, მსხვილი ინვესტორებიც არ ჩანან.

„შეიძლება ეს, ბევრი მაკრო და მიკრო მიზეზით აიხსნას და ასევე, რეგიონალური ფაქტორებით. განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორებისთვის ყოველთვის აღვიქმებით არა მხოლოდ როგორც საქართველოს ბაზარი, არამედ მინიმუმ რეგიონალური ბაზარი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ. შესაბამისად, რეგიონში არსებული გარკვეული არასტაბილურობა უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, დამაბრკოლებელი ფაქტორია.

ამის გარდა, რომ გადახედოთ საერთაშორისო რეიტინგებს, ძალიან ბევრი ქვეყანა სწრაფად ახდენს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ახორციელებს რეფორმებს, ბაზრის ლიბერალიზაციას და შესაბამისად, კონკურენციაც იზრდება. ამიტომ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, ვინმე დაარწმუნო, რომ საქართველოშია იდეალური საინვესტიციო გარემო. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო „ელბიტის“ პროექტი. კომპანია ბევრ სხვა ქვეყანას განიხილავდა ქარხნის ასაშენებლად, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს. ერთი მსგავსი მაგალითი უკვე ბევრ სხვა კომპანიას აძლევს სიგნალს.გვქონდა დაინტერესება და დღემდეა ინტერესები ისრაელიდან. რაც უფრო მეტი წარმატებული მაგალითი გვექნება, სხვების დარწმუნებაც უფრო მარტივი იქნება“, - აცხადებს გიორგი დანელია.

Bm.ge-ის კითხვაზე - რა შეიძლება შევთავაზოთ ინვესტორებს და ყველაზე ხშირად რა კითხვები აქვთ საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, დავით საგანელიძის მოადგილემ აქცენტი იმ კითხვებზე გააკეთა, რომელსაც პოტენციური ინვესტორები ფონდთან ურთიერთობის კონტექსტში სვამენ.

„ჩვენი კუთხით, რომ ვისაუბროთ, ესაა თანდაფინანსების თემა ანუ რა პირობებით შევდივართ პროექტში და ხომ არ იწვევს ეს სახელმწიფოს მონაწილეობას ბიზნესის მართვაში - ესაა პირველი კრიტიკული საკითხი; როცა იგებენ, რომ ვართ პასიური პარტნიორები და ველოდებით, როდის გამოგვისყიდან, ეს ყველასთვის კომფორტული პოზიცია, რადგან შედარებთ ნაკლებ რისკზე უწევთ წასვლა, ვინაიდან ფონდი ჰყავთ პარტნიორად, რომელიც აცხადებს, რომ არ ერევა ბიზნესის საქმიანობაში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია - როგორ „გაუშვან“ ფონდი პროექტიდან და აქაც კომფორტია, როცა ზუსტად იციან, რამდენ წელიწადში და რა ფასად შეუძლიათ ეს გააკეთონ. გარდა ამისა, თუ ვადაზე ადრე გადაწყვეტენ ამას, იციან, რომ შეზღუდვა არაა“, - აღნიშნა გიორგი დანელიამ.

ცნობისთვის: უკვე მეორე წელია მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე კი, ფონდს ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს. საპარტნიორო ფონდში იმედი აქვთ, რომ რეფორმირების პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ერთ-ერთ საკვანძო საკითხს რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროზე შეჯერება წარმოადგენს. არაა გამორიცხული, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.