24.მაისი .2022 21:40

რა ამყარებს ლარს? - ეკონომისტების შეფასებები

რა ამყარებს ლარს? - ეკონომისტების შეფასებები
views 27751
უკან

წმინდა სავალუტო შემოდინებები, მაღალი ინფლაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ლარის საშუალო კურსი, ეს არის ის ფაქტორები, რაც „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის შეფასებით, დღეს ლარს ამყარებს. სწორედ ლარის საშუალო კურსიდან გამომდინარე ამბობს „თიბისი კაპიტალი“, რომ სახეზე არის ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები.

„ლარის კურსის ჩვენი ერთგვარი ჩარჩო მოიცავს პირველ რიგში წმინდა სავალუტო შემოდინებებს, აქ მარტო ტურიზმზე, გზავნილებზე არ არის საუბარი, მნიშვნელოვანია სესხებზე სავალუტო კომპოზიცია, ასევე დეპოზიტები, მოლოდინები, ანუ მთლიანობაში ის, რაც სავალუტო ბაზარზე ვალუტის მიწოდებას განსაზღვრავს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალი ინფლაციის მოლოდინი და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. რა თქმა უნდა, მაღალი ინფლაცია და სუსტი ლარი უფრო მეგობრობენ, თუმცა ძალიან მოკლევადიან პერიოდში თუ გვაქვს ინფლაციის მოლოდინი, რაც მაგალითად ამერიკაშია, მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება, ეს უფრო უწყობს ხელს ვალუტის სიმყარეს, ასე ხდება ჩვენს ეკონომიკაშიც.

ჩემი პირადი შეფასებით, სავალუტო შემოდინებები რომ ყოფილიყო ისეთივე ძლიერი, როგორიც ახლაა, მაგრამ გვქონოდა ინფლაციის პროგნოზი არა 3%-ზე მნიშვნელოვნად მაღალი, არამედ 3%, რაც არის სამიზნე მაჩვენებელი, ამ შემთხვევაში მიუხედავად მაღალი შემოდინებისა, არ მგონია მყარი ლარი გვენახა. აქ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდებოდა, ან უფრო რაც სავარაუდოა და ასეც იქნება, ეროვნული პანკი უფრო აქტიური იქნებოდა სავალუტო ინტერვენციების კუთხით ანუ რეზერვებს შეივსებდა.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის საშუალო კურსი. მარტო დოლარი, ლარი არ ასრულებს როლს, მნიშვნელოვანია მისი პოზიციონირება რუბლთან, ლირასთან, ევროსთან და სხვა რეგიონის ვალუტებთან მიმართებაში.

წმინდა ეკონომიკურად, რუბლის გამყარება  ლარის გამყარების ერთ-ერთი ფაქტორია. საშუალო კურსი მნიშვნელოვნად გამყარდა რეალურად... ამ საზომით ზედმეტი გამყარების ნიშნები სახეზეა...

ლარის გამყარება ყველას გვიხარია, პირველ რიგში ინფლაციის კუთხით, თუმცა საშუალო კურსსაც უნდა დავაკვირდეთ, რადგან ისტორიულად ეს არის ლარის პოზიციონირების მნიშვნელოვანი ინდიკატორი.

საშუალო კურსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია სად იქნება ევრო, დოლარი. ისტორიულად უფრო მყარ ევროს ლარიც მიჰყვება ხოლმე... ბოლო პერიოდში ვხედავთ იმასაც, რომ აშშ-ში დოლარი გამყარდა.

2023-2024 წლის პროგნოზი არის უფრო სუსტი დოლარი და ძლიერი ევრო, რამდენად მოხდება ეს წელს რთული სათქმელია“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.

ფინანსისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ლარის ასეთი მყისიერი გამყარება აჟიოტაჟური ფაქტორებითაც იყოს განპირობებული.

„სახეზეა საგარეო მოთხოვნის ზრდა, ამ საგარეო მოთხოვნაში იგულისხმება ტურისტული აქტივობა, რაც როგორც ჩანს მაღალია. მეორეა მოულოდნელად მაღალი ფულადი გზავნილები უცხოეთიდან. ცხადია, ეს ზრდის მოთხოვნას. ამ წუთას სავალუტო ბაზარზე ეს ტრენდია, აქ ასევე საგულისხმოა ისიც, რომ მსოფლიოში გაზრდილია ფასი ნედლეულზე, მათ შორის საქართველოს ექსპორტის დიდი ნაწილი წარმოადგენს ნედლეულს, შესაბამისად ფასი ქართულ ექსპორტზეც არის გაზრდილი, რაც ხელს უწყობს უცხოური ვალუტის შემოდინებას.

როცა მყისიერად ხდება ვალუტის გამყარება, ცხადია აქ აჟიოტაჟის ფაქტორიც უნდა იყოს. არ შეიძლება ამ ფაქტორის და ეკონომიკური აგენტების აქტიურობის გამორიცხვა, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს დღეებში კიდევ გამყარდება ლარი. შესაბამისად, შეიძლება ხელს უწყობდნენ კიდევ უფრო მის გამყარებას, ანუ ყიდიან დოლარს და ყიდულობენ ლარს,“ - აცხადებს აკაკი ცომაია.

24 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.99 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8668 ლარი გახდა. სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 0.29 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0706 ლარი გახდა. 2.83-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5889 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.41 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.79 თეთრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესაძენად, 2022 წლის პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სებ-მა $10 მილიონი დოლარი საშუალოდ 2.8689 ლარის კურსში იყიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა