მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ამყარებს ლარს? - ლაშა ქავთარაძის განმარტება

60f6c77a70962
ლიკა გურაბანიძე
20.07.21 22:00
1248

Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, რომ ლარს მომდევნო წლებში გამყარების პოტენციალი კიდევ აქვს. მან ამჟამინდელ ლარის გამყარების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი, რაც კურსს ეხმარება, ეს მაღალი ეკონომიკური ზრდაა. ხოლო თუ გვინდა საშუალოვადიან პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვონდეს, სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა იმუშაოს იმაზე, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და შიდა ინვესტიციები დაჩქარდეს. Galt&Taggart-ის ეკონომისტის განმარტებითვე, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი “რეცეპტი” იმისათვის, რომ კურსი სტაბილური იყოს.

“ვხედავთ, რომ ექსპორტი და ფულადი გზავნილები იზრდება, თუმცა ამასთან იმპორტიც იზრდება. სავაჭრო დეფიციტი გაზრდილია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი უცხოური ვალუტა გადის, ვიდრე შემოდის. წლიურ ჭრილში ჯამურად საგარეო შემოდინებებში მაინც $100 მლნ-ის დანაკლისი გვაქვს. აქედან შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კურსი მაინც კარგ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. თუმცა აქვე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც არსებობს, რომელიც უკვე იმ დონეზეა, რომ ლარში დაზოგვა ამ პერიოდში მიმზიდველია. ამ ფაქტორებთან ერთად ეკონომიკის გამოცოცხლება და პოზიტიური მოლოდინები ლარის სიმყარეს განაპირობებს. 

თუმცა, ჩვენი შეფასებით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კიდევ გაუფასურებული იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლარს გამყარების პოტენციალი კიდევ ექნება. ლარს პოტენციალი კიდევ აქვს, რომ შემდგომ წელს გაუმჯობესდეს. ამასთან ლარის კურსის სიმყარე ისეთ ფუნდამენტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ეკონომიკური ზრდის დინამიკა შემდგომ წლებში.” - განმარტა ლაშა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

“გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტორები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას უყურებენ და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით იღებენ, დღეს შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ამ ყველაფერზე უარყოფითად აისახება. გრძელვადიან პერიოდში თუ ასეთი სიტუაციები პერმანენტულად გვექნება, ეს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე უარყოფითად იმოქმედებს. ჩვენ პოლიტიკური სტაბილურობა გვჭირდება და ამასთან ერთად ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჯერ კიდევ 2023 წლიდან ქვეყანას მნიშვნელოვნად ესაჭიროება, მათ შორის სტრუქტურული რეფორმები.” - განაცხადა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ 3.0962 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1076 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.14 თეთრი შეადგინა.

დღეს ლარი ევროს მიმართაც გამყარდა, რომლის კურსი 3.6492 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6592 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.00 თეთრი შეადგინა.