მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არ მოეწონა ნათია თურნავას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? - მინისტრის შეფასება

5db6c46a91412
თელარა გელანტია
28.10.19 14:33
9387
„ტავ ჯორჯიას“ გარკვეული ვადა მივეცით, გამოასწოროს ის ხარვეზები, რაც თბილისის აეროპორტში აღმოვაჩინეთ“, - როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ეს განცხადება მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრობის და არსებული ვითარების გაცნობის შემდე გააკეთა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ის უკმაყოფილო დარჩა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერებისას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აღმოაჩინა.

კერძოდ, ნათია თურნავამ აეროპორტის მოფრენის და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ასევე ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა.

მისი თქმით, საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზარი და ქვეყანაა და პირველ რიგში, სწორედ აეროპორტებმა უნდა წარმოაჩინოს ჩვენი რეალური სახე, რომლითაც სტუმრებს ვეგებებით.

მინისტრმა ხარვეზების გამოსასწორებლად „ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობას გარკვეული ვადა მისცა.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აეროპორტმა მოქალაქეებს უკეთესი სერვისი მიაწოდოს. თუმცა, დღეს დავათვალიერე ორივე ტერმინალი და უკმაყოფილო დავრჩი, რადგან კვლავაც ძალიან ბევრი ხარვეზია აღმოსაფხვრელი. ჩვენ ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით „ტავ ჯორჯიას". აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ტავ ჯორჯია" ამჩნევს ამ პრობლემებს და დროულად უზრუნველყოფს მათ გამოსწორებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მოსაწესრიგებელია ისეთი ელემენტარული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სველი წერტილები, გაფრენის დარბაზში არსებული სხვადასხვა სერვისები, იგივე კაფეები და რესტორნები, რომლის ინტერიერიც კარგა ხანია აღარ პასუხობს შესაბამის სტანდარტებს.

„დავგეგმეთ კონკრეტული ღონისძიებები, მივეცი გარკვეული ვადა „ტავ ჯორჯიას". მინდა გითხრათ, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვეწვევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და გადავამოწმებ რამდენად ხდება პრობლემების აღმოფხვრა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Bm.ge აღნიშნულ თემაზე “ტავ ჯორჯიას“ კომენტარს ელოდება.