მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის 4 მთავარი ფინანსური რისკი საქართველოს ეკონომიკისთვის - ანგარიში

5f744a3e39428
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.20 13:12
1493
საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში შეფასებულია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობა და რისკები. დოკუმენტის თანახმად, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორები გაზრდილია, მათ შორის კი გამოყოფილია 4 ძირითადი რისკი, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას მთავარ საფრთხეს უქმნის. ეს რისკებია:

1) COVID-19-ის პანდემიის ხანგრძლივობასთან და ეკონომიკაზე მის გავლენასთან დაკავშირებული გაურკვევლობა. პანდემიის გავრცელების ტემპის შენარჩუნებისა და ეფექტური ვაქცინის მოსალოდნელზე გვიან შექმნის შემთხვევაში, განუსაზღვრელი ვადით ძალაში დარჩება ვირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვები და სოციალური დისტანცირების მოთხოვნები. შედეგად, გაუარესდება მოლოდინები და კიდევ უფრო შემცირდება მოთხოვნა. ამასთან, შეზღუდვების პირობებში შენარჩუნდება გაზრდილი საწარმოო დანახარჯები. ეს ყოველივე უფრო ღრმა და ხანგრძლივ გლობალურ რეცესიაში აისახება, რაც, საგარეო სექტორზე მაღალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ადგილობრივ ეკონომიკას გადმოეცემა;

2) პანდემიის პირობებში ქვეყნის რისკის პრემიის ზრდა და მისი უარყოფითი გავლენა გაცვლით კურსსა და უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის ტვირთზე. იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და, შედეგად ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებული მოლოდინები გაუარესდა, შესაძლებელია ქვეყნის რისკის პრემიის კიდევ უფრო ზრდა. აღნიშნულმა შესაძლოა კაპიტალის გადინება გამოიწვიოს და გაცვლით კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს. შედეგად გაიზრდება როგორც უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის ტვირთი, ასევე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი;

3) საგარეო მოთხოვნის შემცირებისა და პანდემიის შესაკავებლად მიღებული ზომების მოსალოდნელზე დიდი გავლენა ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებზე. პანდემიის გავრცელების შესაკავებლად მიღებული ზომების განუსაზღვრელი პერიოდით გახანგრძლივების შემთხვევაში, საერთაშორისო ტურისტული ნაკადების აღდგენა კიდევ უფრო გადავადდება. შედეგად, განუსაზღვრელი ვადით მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის წინაშე აღმოჩნდება ტურიზმისა და მისი მომიჯნავე სექტორები, რომლებიც სამუშაო ძალის მაღალი ინტენსივობით ხასიათდება. აღნიშნული ერთი მხრივ გააღრმავებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ხოლო მეორე მხრივ გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას, რაც შინამეურნეობების გაუარესებულ ფინანსურ მდგომარეობაში აისახება;

4) სუსტი მოთხოვნის შედეგად უძრავ ქონებაზე ფასების კლება და მისი უარყოფითი გავლენა ფინანსურ სექტორზე. პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, უძრავი ქონების სექტორში შემცირებული მოთხოვნა შესაძლოა ფასების შემცირებაში აისახოს. ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებული მოლოდინების გაუარესების შემთხვევაში, უძრავი ქონების ფასების მკვეთრი შემცირების ალბათობა გაიზრდება, რაც პირდაპირ უარყოფით გავლენას იქონიებს სექტორის მდგომარეობაზე. თუმცა გარდა პირდაპირი გავლენისა, უძრავი ქონების ფასების ვარდნა ასევე რისკებს შეუქმნის ფინანსური სისტემის მდგრადობას უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ხარისხის გაუარესების გზით.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ქვეყანაში უმოქმედო სესხების წილის ზრდა არის მოსალოდნელი, რისთვისაც ქართულმა ბანკებმა წინასწარ, სესხების შესაძლო დანაკარგების 1.2-მილიარდ ლარიანი რეზერვი უკვე მოამზადეს. 

"მოსალოდნელია უმოქმედო სესხების წილის ზრდა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა წინმსწრებად შექმნეს რეზერვები შესაძლო დანაკარგებისთვის და მოსალოდნელია, რომ ჯანსაღი საოპერაციო მომგებიანობა ამ ზარალს მნიშვნელოვანწილად გადაფარავს.  შესაბამისად, ფინანსურ სექტორს საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გაგრძელდეს,"- ნათქვამია ანგარიშში. 

დოკუმენტში ასევე ჭარბვალიანობისა და მაღალი დოლარიზაციის წინააღმდეგ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებაც არის საუბარი. ნათქვამია, რომ ამ რეგულაციების შედეგად, საქართველო ახალ კრიზისს შედარებით ნაკლები ფინანსური რისკებით შეხვდა.