მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის მულტი-სავალუტო სესხი და რა შემთხვევაში შეიძლება ის ბაზარზე გამოჩნდეს?

5d80c8297594a
შოთა ტყეშელაშვილი
17.09.19 19:08
1924
2019 წლის 23 იანვრიდან საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და იურიდულ პირებს სებ-ის პრეზიდენტის ბრძანების მეშვეობით 200,000 ლარამდე მოცულობის სესხის უცხოურ ვალუტაში აღება აეკრძალათ. ცვლილება ყველა ტიპის სესხს, მათ შორის იპოთეკებსაც შეეხო. ახალი რეგულაციით ეროვნული ბანკი ქვეყანაში ლარიზაციის პოლიტიკის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, თუმცა მის შედეგად მოქალაქეებს გაუქრათ არჩევანის უფლება საკუთარი ნება-სურვილით აერჩიათ ვალუტა, რომელშიც სესხს აიღებდნენ. ცვლილებამ კიდევ ერთი შედეგი გამოიღო, აკრძალვის გამო, მოსახლეობა იღებს ლარის სესხებს, ხოლო ლარის საპროცენტო განაკვეთი კი ანალოგიური მოცულობისა და ვადიანობის ევროსა და დოლარის სესხთან მიმართებით საშუალოდ 3-4%-ით ძვირია. შედარებისთვის სებ-ის მონაცემებით, ევროს იპოთეკური სესხის განაკვეთი საშუალოდ 4.88%, დოლარის 7.51%, ლარის კი 10.22%-ია.

არსებულ ვითარებაში მოსახლეობის საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირების მიზნით, თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია ფიქრობს, რომ მულტი-სავალუტო ტიპის იპოთეკური სესხების შემოღება დადებითი შედეგის მომტანი იქნება. ნადარაია ამბობს, რომ როდესაც სესხის ხანგრძლივობა 10-15 წელს შეადგენს, სესხის განაკვეთის 0.5-ით შემცირებასაც კი ჯამურად გადასახდელი თანხის შემცირებაზე დიდი გავლენა აქვს, სწორედ ამიტომ რამდენიმე ვალუტისგან შემდგარი იპოთეკური სესხი მოქალაქეთა სესხების განაკვეთების შემცირებაზე დადებითად იმოქმედება.

“ჩემი აზრით, დაშვებული უნდა იყოს მულტი-სავალუტო დაკრედიტება. ლარის, დოლარისა და ევროს ფასის გათვალისწინებით რაც ჩვენ გვაქვს, ვფიქრობ რომ მულტი-სავალუტო დაკრედიტება შესაძლებლობებსა და რისკებს შორის შედარებით უფრო დაბალანსებული არჩევანი იქნება. რა თქმა უნდა უმჯობესია, რომ გრძელვადიანი სესხები იყოს მხოლოდ ლარში და შესაბამისად, მისი საპროცენტო განაკვეთიც იყოს დაბალი, თუმცა, ჩემი აზრით ჩვენ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ.

დღეს გვაქვს რა არჩევანი? ერთი მხრივ, დოლარსა და ევროში გვაქვს დაბალი ფასები [დაბალი განაკვეთი]. იპოთეკური სესხები გრძელვადიანია და 15 წლით როდესაც ვიღებთ სესხს, საპროცენტო განაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

იცით რომ, იპოთეკური სესხები ნახევარი პროცენტის მიმართაც შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე, ამას აქვს თავისი ობიექტური საფუძველი. გრძელვადიან პერიოდში ძალიან დიდი გაუფასურება უნდა მოხდეს(ლარის), რომ ეს საპროცენტო დიფერენციალი(სხვაობა მულტისავალუტოსა და ლარის სესხს შორის) გადაიფაროს.

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა გვაქვს რისკი, რაც ლარის მცურავ გაცვლით კურსს უკავშირდება, სადაც ლარი სამწუხაროდ, ხასიათდება მნიშვნელოვანი მერყეობით, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამოსავალია ვიპოვოთ სწორი ბალანსი შესაძლებლობებსა და რისკებს შორის და დაკრედიტება გახდეს მულტი-სავალუტო.

მაგალითად, ჩვენი აზრით, შეიძლება რაციონალური იყოს სესხი, სადაც ⅓ იქნება ლარში, ⅓ დოლარში და ⅓ ევროში. ეს უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილება იქნება შესაძლებლობებსა და რისკებს შორის. მაგალითად, თიბისი ბანკში არის ძალიან საინტერესო პროდუქტი, როდესაც სესხის ან მთლიანი ან მნიშვნელოვანი ნაწილი არის დოლარში, თუმცა, მსესხებელი გადახდებს ლარში აკეთებს და ხდება ვადიანობის შესწორება. თუ მაგალითად, კურსი გაუფასურდა ცოტა მეტად გრძელვადიანი გახდება სესხი, თუ კურსი შემცირდა, მაშინ ვადა შემცირდება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს შემთხვევაში (შეიძლება ყოველ წელს არა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში) ხდება შინამეურნეობების შემოსავლების ზრდა. ესეც ჩემი აზრით, ამგვარ მიდგომას ხელს უწყობს,”- ამბობს ნადარაია.