მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ნიკოტინი: მეცნიერება vs. მითები

606d8470353dc
BM.GE
07.04.21 13:57
64040
ნიკოტინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მცენარეებში არსებობს. ყველაზე დიდი რაოდენობით ის თამბაქოს ფოთოლში გვხვდება, თუმცა ნიკოტინს მცირე მოცულობით სხვა ისეთი მცენარეებიც შეიცავს, როგორებიც არის: ბადრიჯანი, კარტოფილი და პომიდორი.

მეცნიერული მტკიცებულებების თანახმად, მხოლოდ თამბაქოს ფოთოლში გვხვდება ნიკოტინის საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ მან ადამიანის ჯანმრთელობაზე ფარმაკოლოგიური ზეგავლენა იქონიოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრადიციული სიგარეტი 12 მგ ნიკოტინს შეიცავს, რაც 18 000-ჯერ მეტია ვიდრე კარტოფილში არსებული ნიკოტინის რაოდენობა.

თუმცა, კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანი ყოველდღიურად საკვების მოხმარების შედეგად 1 400 ნანოგრამ ნიკოტინს იღებს. ამ ნივთიერების ორგანიზმში შეწოვა კი კანის, ფილტვებისა და პირის ღრუს მეშვეობით ხდება.

ნიკოტინის მიღების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას თამბაქოს ფოთლის წვა წარმოადგენს. ტრადიციული სიგარეტის მოხმარების არაერთი მიზეზი არსებობს, მათ შორის არის გემო, მოწევის რიტუალი, სენსორული შეგრძნება და სოციალური გამოცდილება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი - ნიკოტინია, რადგან ეს ნივთიერება იწვევს დამოკიდებულებას. შესაბამისად, მისი მოხმარება არ არის უსაფრთხო, თუმცა ის არ არის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზი.

როგორ მოქმედებს ნიკოტინი?

ნიკოტინის შეწოვა ადამიანის ორგანიზმში ფილტვების, კანისა და პირის ღრუს მეშვეობით ხდება. მას შემდეგ, რაც ნივთიერება სისხლში მოხვდება, ის სხვადასხვა ქსოვილამდე და ორგანომდე, მათ შორის ტვინის უჯრედებამდეც აღწევს.

ნივთიერება ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას, რაც ადამიანში კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. რაც უფრო დიდი დოზითა და სიხშირით მოიხმარს ინდივიდი ნიკოტინს, მით უფრო იზრდება ორგანიზმის ტოლერანტობა ამ ნივთიერებისადმი, შესაბამისად, ორგანიზმი სულ უფრო და უფრო მეტ ნიკოტინს მოითხოვს. შედეგად, ადამიანს უვითარდება დამოკიდებულება.

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განმარტავს, “დამოკიდებულება არის ორგანიზმში ნიკოტინის რეგულირების დონის დარღვევა, რაც მისი ხშირი ან განმეორებითი მოხმარების შედეგად ვითარდება”.

რა გავლენა აქვს ნიკოტინს ორგანიზმზე?

ნიკოტინი თითოეულ ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს, რადგან დამოკიდებულია ინდივიდის მიერ თამბაქოს მოხმარების სიხშირეზე, მის მეტაბოლიზმზე, სხეულის წონასა და გენეტიკაზე.

The Lung Health Study-ის კვლევა ადამიანის ორგანიზმზე ნიკოტინის გრძელვადიან პერიოდში გავლენას შეისწავლიდა. კვლევით დადგინდა, რომ ეს ნივთიერება არ იწვევს ონკოლოგიურ თუ სასუნთქი გზების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებს.

ასევე, სამეცნიერო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ არამწეველ და თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის მომხმარებელთა შორის გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკები თითქმის ერთნაირია.

აქედან გამომდინარე, მეცნიერების განცხადებით, მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს იწვევს არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს კვამლში არსებული 250 ტოქსიკური ნივთიერება.

უდავოა, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში საუკეთესო გზას მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს, თუმცა, მწეველთა მხოლოდ 7% ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას. ამიტომ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ზიანის შემცირება ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. თუმცა, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმის შესახებ, თუ რა როლი უნდა ითამაშოს ამ პროცესში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებმა.