მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საბაზო ინფლაცია და რამდენია ინფლაცია თამბაქოს გარეშე?

5dca9646a2157
ირაკლი მაკალათია
13.11.19 10:45
4477
საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის დონემ - 6.2%, ხოლო საბაზო ინფლაციამ 4.7% შეადგინა. ყველაზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციაა, რომელმაც 3.4% შეადგინა.

ინფლაცია გაიანგარიშება სამომხმარებლო კალათაში შემავალი 306 დასახელების პროდუქტის მიხედვით, რომელთა წონები მოხმარების დონის მიხედვით განსხვავებულია. შესაბამისად, ინფლაციის 6.9%-იანი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 306-ვე პროდუქტზე ფასები საშუალოდ 6.9%-ით გაიზარდა. 306 პროდუქტი გადანაწილებულია შემდეგ სასაქონლო ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა; ჯანმრთელობის დაცვა; ტრანსპორტი; კავშირგაბმულობა; დასვენება, გართობა და კულტურა; განათლება; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.

ინფლაციის გამოთვლისას, რიგ სასაქონლო ჯგუფებში გვაქვს დაბალი ინფლაციის მაჩვენებლები ან სულაც დეფლაცია, ხოლო რიგ პროდუქტებზე ფასების უფრო მაღალი დონით ზრდა ვიდრე საშუალო მაჩვენებელი. ინფლაციის კორექტირებისათვის საქსტატი იყენებს საბაზო ინფლაციას, რაც გულისხმობს ინფლაციის გაანგარიშებას ყველაზე მეტად ცვალებადი და მზარდი ფასების მქონე პროდუქტების ამოღებით. განსაკუთრებული ფასების ცვლილება დაფიქსირდა 2017 წელს, როცა აქციზის განაკვეთის ზრდის გავლენით, ფასები გაიზარდა თამბაქოსა და საწვავზე. ხოლო მომდევნო წლებში იმავე აქციზის გადასახადის პერიოდული ზრდა თამბაქოს ნაწარმზე მაღალ ინფლაციას იწვევს, რის გამოც საბაზო ინფლაციის მაჩვენებლიდანაც ხდება მისი ამოღება.

საბაზო ინფლაციის გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით: • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები • თამბაქო (კონკრეტულ შემთხვევებში) • ენერგომატარებლები (ბენზინი, დიზელის საწვავი, გაზის საწვავი, გაზი გათხევადებული, შეშა) • ადმინისტრირებადი ტარიფები (წყლის, ნაგვის გატანის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახდელები) • ტრანსპორტი (საგარეუბნო და შორის მიმოსვლის მატარებლით, საგარეუბნო ავტობუსით და საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით, საქალაქო ტაქსით და თვითმფრინავით მგზავრობა).

პირველ დიაგრამაში ნაჩვენებია ბოლო 5 წელში ინფლაცია, საბაზო ინფლაცია და საბაზო ინფლაცია თამბაქოს გარეშე, ხოლო ცხრილში იმ პროდუქტების ფასების მატება (2019 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით), რომლებიც ამოღებულია საბაზო ინფლაციის გაანგარიშებისას.



ცხრილი 1. ინფლაცია საბაზო ინფლაციიდან ამოღებულ სასაქონლო ჯგუფებში, 2019 წლის ოქტომბერი