მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საჭირო კერძო-საჯარო თანამშრომლობის ფორმატის ეფექტიანობის გასაზრდელად?

5e383520cdc26
დავით ჯალაღონია
03.02.20 19:30
1739
"საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" (PPP) კანონის მიღების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით განსახორციელებელი პროექტების რაოდენობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის ანგარიშშია ნათქვამი.

დეპუტატმა PPP კანონის აღსრულების თაობაზე მოკვლევის ჯგუფის ანგარიში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, PPP პროექტების არსებული ტემპი, რაც თავის მხრივ კანონმდებლობით გართულებული პროცედურებითაა გამოწვეული, მისაღები არ არის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის სრული ათვისების შესაძლებლობას არ იძლევა.

აქვე, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეფექტური საჯარო და კერძო თანამშრომლობისთვის აუცილებელია მყარი საკანონმდებლო ჩარჩო, რისკების შეფასების მექანიზმები და მკაფიო სახელმძღვანელო დოკუმენტების არსებობა.

წარმოდგენილ მომიხილვაში ასევე მოცემულია განხილული პროექტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, გასული წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ 16 პროექტი შეაფასა, საიდანაც 8 პროექტი იდენტიფიცირების წინა ეტაპზეა, 4 პროექტი - იდენტიფიცირებული, 2 - ინიცირებული, ხოლო 2 პროექტისთვის მომზადებულია სააგენტოს რეკომენდაცია.

დარგობრივი კომიტეტისთვის ნინო წილოსანის მიერ წარდგენული ანგარიში შესაბამის რეკომენდაციებსაც მოიცავს.

"საერთაშორისო გამოცდილების ანალიზის, საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლისა და ჩატარებული ინტერვიუების შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრაქტიკის ეფექტიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია:

1. სხვადასხვა სამთავრობო რგოლებს შორის მოხდეს შეთანხმება იმ მიზნებზე, რომელთა მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი საჯარო და კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩომ და შემუშავდეს ამ მიზნების მიღწევის სამოქმედო გეგმა შესაბამისი ინდიკატორებით, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პერიოდისთვის;

2. დამტკიცდეს ხარისხის ფასთან თანაფარდობის მეთოდოლოგია და მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელო, რის შემდეგაც, პროცესზე დაკვირვებით, შესაძლებელი იქნება დამატებითი დაბრკოლებების იდენტიფიცირება და მათი გადალახვის გზების მოძიება. ხსენებული მეთოდოლოგია, მათ შორის, მკაფიოს გახდის საჯარო და კერძო თანამშრომლობის საპროექტო წინადადებების შერჩევის კრიტერიუმებს;

3. სრულად გააზრებულ იქნას PPP სააგენტოს როლი საჯარო და კერძო თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის დანერგვაში, შესაბამისად, გამოხატულ იქნას პოლიტიკური ნება PPP სააგენტოს უზრუნველსაყოფად როგორც მაქსიმალური პოლიტიკური მხარდაჭერით, ასევე აუცილებელი ადამიანური და ფინანსური რესურსებით;

4. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს კერძო პარტნიორისთვის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები; ასევე განისაზღვროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის მიწის გამოსაყენებლად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები და შესაბამისი პროცედურები;

5. სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით განხილულ იქნას კერძო სექტორიდან საინვესტიციო შეთავაზებების მოზიდვის საჭიროება და მიზანშეწონილობა და ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შემუშავებულ იქნას ახალი მეთოდოლოგია, რომელიც კერძო სექტორში გაზრდის მოტივაციას, შემუშავდეს, შეფასდეს და მომზადდეს ახალი PPP პროექტები. ამ ნაწილში შესაძლებელია კერძო პარტნიორის შესარჩევი მექანიზმის კოლუმბიის გამოცდილებაზე დაყრდნობით განხილვა/გაზიარებაც.

6. განხილულ იქნას შესაძლებლობა, შეიქმნას საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებთან დაკავშირებული დავების განსახილველად ახალი, მოქნილი მექანიზმი", - წერია რეკომენდაციების ჩამონათვალში.

შეგახსენებთ, რომ "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" კანონი პარლამენტმა 2018 წლის მაისში მიიღო, სააგენტო კი, რომელიც ამ კანონის ფარგლებში საინვესტიციო პროექტებს განიხილავს, 2019 წლის მარტიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე უწყება ძირითადად ენერგეტიკულ პროექტებს აფასებს.

გასული წლის 11 ნოემბერს, აღნიშნული სააგენტოს დირექტორი პრემიერ-მინისტრმა გახარიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა.