მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საჭირო საქართველოში ახალი ინვესტორების მოსაზიდად? - EUGBC-ის მოსაზრება

5e68a81fef8cb
ვიქტორია მღებრიშვილი
12.03.20 09:45
1050
ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელის ზვიად ჭუმბურიძის აზრით, იმისთვის, რომ საქართველოში ინვესტირებით ახალი ინვესტორები დაინტერესდნენ, აუცილებელია, სტაბილური ბიზნეს კლიმატის შექმნა, რომელსაც თავის მხრივ, 4 ფაქტორი განსაზღვრავს:

„პირველი - როდესაც ინვესტორს შენს ქვეყანაში ეპატიჟები, უმნიშვნელოვანესია ნაკლებრისკიანი, დაცული ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა;  მეორე - აუცილებელია, ტოტალური რეფორმები სასამართლო და საგადასახადო სისტემაში; ამ ორი დიდი ფაქტორის და საზომის საშუალებით შეგვიძლია ინვესტორი მოვიზიდოთ ანუ როცა მათ ექნებათ გარანტია, რომ დაცულები არიან. თუ ეს გარემო არ შევქმენით სასამართლოს მხრივ, ჩათვალეთ, რომ ინვესტორი დიდი ეჭვის თვალით შეხედავს ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებას. ბოლო წლების მანძილზე, ჩვენ ბევრი საგადასახადო რეფორმა გავატარეთ, მაგრამ გაცილებით მეტი ინოვაციური გადასახადების და შეთავაზებების პერსპექტივა გვაქვს.

მესამე ფაქტორი - ესაა სტაბილური პოლიტიკური გარემო.  ყველა არჩევნების დროს - ეს იქნება ადგილობრივი, საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნები, ინვესტორს თავი დაბალანსებულ ქვეყანაში უნდა ვაგრძნობინოთ . ჩვენთან ეს ტურბულენტობა არჩევნების და საარჩევნო გარემოსი, ბოლო 30 წელია არის. სამწუხაროდ, ზოგადად, ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანა არის ოკუპაციის პირობებში, რუსეთთან გვაქვს ასეთი პოლიტიკურად მძიმე ვითარება და შესაბამისად,გვჭირდება ქვეყნის შიგნით სტაბილური პოზიციის წარდგენა.

და ბოლოს, მეოთხე და ყველაზე მთავარი ფაქტორია ინვესტორებისთვის ინვესტირების შემდგომი მიხედვის საკითხი. სამწუხაროდ, აქაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა რომ გავაკეთოთ, შესაბამისად ინვესტორს მეტი მზრუნველობა სჭირდება პროცესის პერიოდში, როდესაც ის უკვე აგრძელებს ინვესტიციას“, - აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს FDI მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა და მილიარდ 262 მლნ დოლარი შეადგინა.