მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საქართველოს “საინვესტიციო განძი” და რატომ არ იყენებს მას ქვეყანა – სოსო ნიბლაძის მოსაზრება

600d348777e2a
სალომე მეცხვარიშვილი
24.01.21 13:11
1640
ქუთაისში მდებარე ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის(თიზ) ხელმძღვანელი სოსო ნიბლაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს “საინვესტიციო განძი” ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებია, რომლებსაც ქვეყანა სათანადოდ ვერ იყენებს. ამის შესახებ მან გადაცემა “ფორბს კვირაში” გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

ნიბლაძის თქმით, პანდემიის პირობებში საქართველომ ეს უპირატესობა, რომელიც სხვა ქვეყნებთან შედარებით აქვს, აუცილებლად უნდა გამოიყენოს, ინვესტორები ისეთი ქვეყნებიდან მოიზიდოს, როგორიც ინდოეთი, ჩინეთი და სპარსეთის ყურეა და მათ საკუთარი ბიზნესის გადმოტანისკენ უბიძგოს.

“პანდემია ერთი მხრივ, არის შესაძლებლობა, მეორე მხრივ, არის გართულებული რეალობა. ფაქტია, ინვესტორი ისეთი აქტიური ვეღარ იქნება, ყოველ შემთხვევაში მოკლე ვადაში, თუმცა, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი პოტენციური სამიზნეები და ინვესტორები გახდნენ ის ბიზნესები, რომლებსაც რელოკაცია სურთ. რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

წლებია ვსაუბრობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო თვალსაზრისით არის სტაბილურობა, განსაკუთრებით წარმოების ეკონომიკაში, ამას ასევე ადასტურებს ინდექსები და სარეიტინგო კომპანიების შეფასებები, რომლებიც სულ საამაყო იყო და ხშირად ვიყენებდით ჩვენს პრეზენტაციებში ინვესტორებთან საუბრისას.

თუმცა დღეს პანდემიამ სხვა რეალობა დაგვანახა. რეალობა არის ის, რომ მარტო სტაბილურობა, განჭვრეტადობა არასაკმარისია და მეტი უნდა გაკეთდეს. რა უნდა გაკეთდეს? ამაზე პასუხი მარტივია – რა არის შენი განმასხვავებელი უპირატესობა დღეს? ჩემი მოსაზრებით, გამორჩეული საინვესტიციო განძი, რაც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა, ეს არის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, რაც ქვეყანას აქვს და რისი სწორი პოზიციონირებაც უნდა გავაკეთოთ მასობრივად– იმ ბაზრებზე, ვისაც ეს სჭირდება. ვის სჭირდება ეს? 3–მილიარდიან ბაზარს, როგორიცაა, ინდოეთი, ჩინეთი. რატომ არ ვიწყებთ აქტიურ, აგრესიულ მუშაობას ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში? ეს არ არის 6 თვის ან 1 წლის საქმე, მაგრამ მუშაობა დასაწყებია ასეთ ქვეყნებზე”,– აცხადებს სოსო ნიბლაძე.