მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის შესაცვლელი "საარსებო მინიმუმის" მეთოდოლოგიაში? - "საქსტატის" პასუხი

5dbaa4eaa53bc
შოთა ტყეშელაშვილი
31.10.19 13:40
1709
შეაძლებელია თუ არა ხუთსულიანმა ოჯახმა ერთი თვის განმავლობაში 378 ლარად და 50 თეთრად იცხოვროს? - ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ეს შესაძლებელია და მას "საარსებო მინიმუმის" სტატისტიკაში საქსტატი ყოველთვიურად აახლებს.

საქსტატი ამ მაჩვენებელს მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2003 წელს დამტკიცებული მეთოდოლოგიით ითვლის. ეს მეთოდოლოგია კი დღეს ფაქტობრივად არ ასახავს იმ მაჩვენებელს, რასაც "საარსებო მინიმუმი" უნდა ერქვას. BMG-სთან საუბარში "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ ახალი მეთოდოლოგიის დამტკიცება მთავრობის პრეროგატივას წარმოადგენს. ახალი მეთოდოლოგიის შექმნას კი ის გარემოება აფერხებს, რომ "საარსებო მინიმუმის" დათვლის საერთაშორისო მეთოდოლოგია არ არსებობს და ამ მაჩვენებელს დღეს მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ითვლიან.

საქსტატი ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე მთავრობასთან ერთად მუშაობისთვის მზად არის

"ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ არ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია და საერთაშორისო პრაქტიკა საარსებო მინიმუმის დათვლისთვის. ის ძირითადად ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იანგარიშება. მოგეხსენებათ ამ შემთხვევაში ჩვენ სრულიად დაფუძნებული ვართ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მინიმალურ სასურსათო კალათაზე, რაც შეეხება მეთოდოლოგიას, შემდეგ როგორ ხდება არასასურსათო მდგენელის დამატება, თანაცხოვრების კოეფიციენტების გათვალისწინება, ეს მეთოდოლოგიის ნაწილია, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის დადგენილების მიხედვით და მისი შეცვლა არ არის მხოლოდ საქსტატის უფლებამოსილება. ფინანსთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო საქსტატთან ერთად უნდა იყოს ინიციატორი მეთოდოლოგიის ცვლილების. ჩვენ, საქსტატი, გამოვხატავთ მზადყოფნას აღნიშნული მაჩვენებლის შემდგომი განვითარების მიმართულებით", - ამბობს თოდრაძე.

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? 

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისთვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. 

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2019 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 355.9 ლარს შეადგენდა, ივნისში კი, ის 374.8 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის დანახარჯების სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება: 

პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი) 
ლობიო - თვეში 600 გრამი; 
ბრინჯი - თვეში 300 გრამი; 
მაკარონი - თვეში 450 გრამი; 
ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი; 
ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი; 
ძეხვი - თვეში 300 გრამი; 
კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი; 
კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი; 
მაწონი - თვეში 750 გრამი 
სრული რაციონი იხილეთ ბმულზე. 

საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგი საფეხური ამ მიღებული თანხის “შევაჭრების კოეფიციენტზე” გაყოფაა. 

რა არის ე.წ. “შევაჭრების კოეფიციენტი”? 

დავუშვათ, რომ საკვები რაციონის საერთო ღირებულება გამოვიდა 200 ლარი. საქსტატი ამ მიღებულ რიცხვს ყოფს 0.86-ზე, ანუ მას 14%-ით ამცირებს. ამას “შევაჭრების კოეფიციენტის” შეწონვა ეწოდება. მთავრობის შეფასებით, ადამიანი, რომელიც ამ სასურსათო კალათას ყიდულობს თითოეულ შენაძენზე პროდუქტის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 14%-იან ფასდაკლებას იღებს. 

2003 წელს ამ მეთოდოლოგიის დაწერის დროს მაღაზიებში პროდუქტების ფასზე ვაჭრობა გავრცელებული პრაქტიკა იყო, დღეს კი, სუპერმარკეტებში ფასზე ვაჭრობის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. 

რა ხდება მას შემდეგ, რაც სასურსათო ხარჯებს დაითვლიან? 

სასურსათო კალათის ღირებულებას საქსტატი ყოფს 0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 41.4%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 58%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება კომუნალური ტარიფები, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის დათვლაში კი, გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, დანარჩენი 30% ისევე სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა არის ქვეყანაში სურსათის ფასები.