ბოლო რამდენიმე კვირაა, დასავლეთი რუსეთს უპრეცედენტო სანქციების პაკეტით ემუქრება, რომელიც მიზნად ისახავს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეკავებას უკრაინაში შეჭრის ბრძანებისგან, თუმცა როგორც ჩანს, არსებობს ერთი გზა, რომელიც კრემლისთვის შიშისმომგვრელია: რუსეთის გლობალური საბანკო სისტემიდან გათიშვა.
ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკელი კანონმდებლები მსჯელობენ იმის თაობაზე, რომ რუსეთი შეიძლება SWIFT-დან ანუ მაღალი უსაფრთხოების ქსელიდან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ათასობით ფინანსურ ინსტიტუტს აკავშირებს, გამოეთიშოს. საპასუხოდ რუსი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ თუკი ეს ასე მოხდება, ევროპას ნავთობის, გაზის და ლითონის მიწოდება შეუწყდება.
“თუკი რუსეთი SWIFT-ს გამოეთიშება, მაშინ ჩვენ აღარ მივიღებთ უცხოურ ვალუტას. მთავარი კი ისაა, რომ მყიდველები და, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ქვეყნები, ჩვენს საქონელს - ნავთობს, გაზს, ლითონებს და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს - აღარ მიიღებენ,” - განაცხადა ნიკოლაი ჟურავლევმა, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერმა.
რა არის SWIFT-? - აბრევიატურა ასე იშიფრება: მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება, რომელიც 1973 წელს დაარსდა და, დღესდღეობით, 11 000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოიყენება იმისთვის, რომ უსაფრთხო შეტყობინებები და საგადახდო დავალებები გაგზავნოს. რუსეთის SWIFT-დან ამოღებით, ფინანსური ინსტიტუტებისთვის ქვეყანაში ან ქვეყნიდან ფულის გაგზავნა თითქმის შეუძლებელი გახდება. ასევე, ეს ნაბიჯი რუსული კომპანიებისა და უცხოელი მომხმარებლისთვის შოკი იქნება, განსაკუთრებით ნავთობის და გაზის ექსპორტიორებისთვის, რომლებიც, ძირითადად, ამერიკული დოლარით ვაჭრობენ.
“SWIFT-დან რუსეთის გამორიცხვა გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკის 5%-ით შემცირებას, შედეგად, ეს შეწყვეტს ყველა საერთაშორისო ტრანზაქციას, გამოიწვევს ვალუტის ცვალებადობას და კაპიტალის მასიურ გადინებას. ამაზე კი საუბარი ჯერ კიდევ 2014 წელს გვქონდა,” - განაცხადა ალექსეი კუდრინმა, რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა.
SWIFT-ი ბელგიაში დაფუძნდა და მას 25 ადამიანისგან დაკომპლექტებული ბორდი მართავს, რომელთა შორისაა ედი ასტანინიც - რუსეთის ცენტრალური კონტრაპარტიული კლირინგ ცენტრის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. თავად მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება, ბელგიური კანონმდებლობით, ევროკავშირის რეგულაციებს უნდა შეესაბამებოდეს.
და რა მოხდება, თუკი რუსეთი მართლაც გამოეთიშება SWIFT-ს? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს. 2012 წელს SWIFT-ს ირანული ბანკები გამოეთიშა მას შემდეგ, რაც მათ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო. შედეგად, ირანმა ნავთობის ექსპორტის შემოსავლის თითქმის ნახევარი დაკარგა.
“SWIFT ნეიტრალური გლობალური კოოპერატივია, რომელიც შეიქმნა და ფუნქციონირებს თავისი საზოგადოების კოლექტიური სარგებლობისთვის. ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნებზე ან ცალკეულ სუბიექტებზე სანქციების დაწესების შესახებ ეკისრება მხოლოდ კომპეტენტურ სამთავრობო ორგანოებს და მოქმედ კანონმდებლებს,” - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა რუსეთს ბოლო პერიოდში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს იმ შემთხვევისთვის, თუკი ის SWIFT-იდან მოიხსნება. ოფიციალურმა მოსკოვმა საკუთარი საგადახდო სისტემა - SPFS-ი შექმნა მას შემდეგ, რაც 2014 წელს ყირიმის ანექსიიდან მალევე დასავლეთისგან რიგი სანქციები მიიღო. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, SPFS-ს დღეს, დაახლოებით, 400 მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, შიდა გადარიცხვების 20% სწორედ SPFS-ის საშუალებით ხორციელდება, თუმცა რიგი შეზღუდვები ოპერაციების თვალსაზრისით SPFS-ს მაინც აქვს. ასევე, ჩინეთის ახალბედა ბანკთაშორისი გადახდის სისტემაც შეიძლება SWIFT-ის მორიგი ალტერნატივა გახდეს, თუმცა წინასწარი ცნობით, რუსეთისთვის ეს ალტერნატივა მიმზიდველი მაინც არ არის.
მასალა მომზადებულია CNN-ის სტატიაზე დაყრდნობით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ