მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის თხევადი ბუნებრივი აირი და რა პოტენციალი აქვს მას საქართველოში?

5e0b3fbd555d1
ოთარ დგებუაძე
31.12.19 16:50
10401

თხევადი ბუნებრივი აირი (Liquified Natural Gas – LNG) წარმოადგენს ნატურალურ გაზს რომელიც გაცივებულია -162°C (-260F) გრადუსზე, რის შედეგადაც იგი აირის ფორმიდან თხევად ფორმაში გარდაიქმნება და მოცულობაში 600-ცჯერ იკლებს რაც მის შენახვასა და ტრანსპორტირებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. როდესაც თხევადი ნატურალური გაზის რეგაზიფიკაცია ხდება (თხევადი მასის გათბობის შედეგად ის ისევ აირად გარდაიქმნება) მისი გარჩევა სხვა წყაროსგან მიღებული ბუნებრივი აირის თითქმის შეუძლებელია.

ნატურალური თხევადი გაზის წარმოების პროცესში გამოყოფენ რამდენიმე ძირითად ეტაპს:

1. ნატურალური გაზის წარმოება (gas production)
2. ნატურალური გაზის გათხევადება (liquefaction)
3. თხევადი ნატურალური გაზის ტრანსპორტირება (transportation)
4. თხევადი ნატურალური გაზის რეგაზიფიკაცია (regasification)
5. ნატურალური გაზის დისტრიბუცია საბოლოო მომხმარებლებამდე (distribution)

ნატურალური გაზის წილი მსოფლიოს ენერგიის მიქსში დაახლოებით 20%-ს შეადგენს, აქედან თხევადი ნატურალური გაზი დაახლოებით 10%-ს და მისი წილი გამუდმებით იზრდება. გაზის პოპულარობის ძირითადი მიზეზი მისი სხვა კარბოჰიდრატულ საწვავებთან შედარებით (ნავთობი, ქვანახშირი და ა.შ.) სუფთა წვა და ნაკლები მავნე გამონაბოლქვია. გაზი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს რესურსებით შედარებით ღარიბ აზიაში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონეც მაღალია, და მთავრობები აქტიურად ცდილობენ პოლიტიკის დონეზე პოპულარიზაცია გაუწიონ საწვავის მწვანე ალტერნატივებს. მაგალითად ჩინეთისა და ინდოეთის მთავრობები მიზნად ისახავენ გაზის წილის 25-30%-მდე გაზრდას 2025 წლისათვის (დღეს ის დაახლოებთ 6-7%-ს შეადგენს და ამ ქვეყნების ძირითად საწვავს ყველაზე „ბინძური“ ქვანახშირი წარმოადგენს).

თხევადი გაზით პირველი ექსპერიმენტები მაიკლ ფარადეიმ ჯერ კიდევ 1845 წელს ჩაატარა თუმცა პირველი კომერციული ტვირთი მხოლოდ 1959 წელს გაიგზავნა აშშ-დან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით. 1960-იან წლებში კი აშენდა პირველი რეგაზიფიკაციის ტერმინალები ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში. 1969 წელს იაპონიამ დაიწყო თხევადი ნატურალური გაზის იმპორტი, რითიც დაიწყო აღმავლობის ხანა. იაპონია დღემდე უდიდესი იმპორტიორია, და იმპორტირებულ გაზს საყოფაცხოვრები მიზნების გარდა აქტიურად იყენებს ელექტრო ენერგიის წარმოებისათვის ატომურ ენერგიასთან ერთად. თუმცა 2011 წელს ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, ძირითადი აქცენტი ისევ ნატურალურ თხევად გაზზეა. აზიასთან ერთად, დიდი მოთხოვნის ცენტრია ევროპაც, რომელიც რუსული მილსადენის გაზისგან დივერსიფიკაციის გზებს ეძებს.

ნატურალური თხევადი გაზის პოპულარობა გამუდმებით იზრდება, თუკი 1990 წელს მხოლოდ 8 იმპორტიორი და 8 ექსპორტიორი ქვეყანა იყო, 2010 წელს უკვე 24 ქვეყანა ანხორციელებდა იმპორტს 20 ექსპორტიორისგან. 2018 წლის მონაცემებით კი 40-მდე ქვეყანას ანხორციელებს ნატურალური თხევადი გაზის იმპორტს 22 ექსპორტიორისგან. თუკი 2000 წელს გლობალური ნატურალური გაზის ბაზრის მხოლოდ 27% ივაჭრებოდა თხევადი სახით, დღეს ეს რიცხვი 46%-ს შეადგენს.

მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები არიან: ყატარი, ავსტრალია და აშშ (ე.წ. „შეილ გაზის რევოლუციის“ შემდეგ, მანამდე აშშ იმპორტიორი იყო). მოსალოდნელია რომ მათ რიცხვებს მალე შეურთდება კანადა (მას შემდეგ რაც აშშ-ს აღარ სჭირდება მილსადენით გაზის იმპორტი) და რუსეთი (რომელიც ყინულოვანი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აქტიურად ანვითარებს ინფრასტრუქტურას არქტიკაში). უდიდესი იმპორტიორები არიან: იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და ჩინეთი.

ბოლო პერიოდის მანძილზე განვითარდა სატრანსპორტო ტექნოლოგიები. აღსანიშნავია რომ ნატურალური თხევადი გაზის ტრანსპორტირება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან გემზე სპეციალურ საცავებში მუდმივად დაცული უნდა იყოს -162 გრადუსი ტემპერატურა. ყატარგაზის მიერ Q-max და Q-flex ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა დიდ მანძილზე უფრო დიდი ტვირთების გადატანა, ასევე განვითარდა ე.წ. „ყინულმჭრელი“ ნატურალური თხევადი გაზის სატრანსპორტო გემები, რაც ხელს უწყობს არქტიკაში არსებული გაზის საბადოების ამ მიზნებით გამოყენებას. ასევე განვითარდა „მცურავი“ რეგაზიფიკაციის და გათხევადების ტექნოლოგიებიც (FSRU – Floating Storage and Regasification Unit და FLNG – Floating Liquefied Natural Gas), რომლებიც ტრადიციულ სახმელეთო ტერმინალებთან შედარებით ნაკლებ კაპიტალურ დანახარჯებთან და მშენებლობის დროსთან არის დაკავშირებული ვინაიდან ის აღარ მოითხოვს ძვირადღირებული საზღვაო მილსადენების მშენებლობას. ასევე იზრდება ამ ტიპის გაზის ალტერნატიული გამოყენების გზებიც და ის უკვე გამოიყენება საწვავად გარკვეული ტიპის გემებში. ახალი ტრენდია ასევე მცირე მასშტაბის პროექტები (SSLNG – Small Scale LNG) რაც დიდი და ძვირადღირებული რეგაზიფიკაციის ტერმინალის ნაცვლად შედარებით მცირე ზომის ტერმინალებს და თხევადი ნატურალური გაზის ხმელეთით ტრანსპორტირებას (როგორც რკინიგზით, ასევე სატვირთო მანქანებით) გულისხმობს.

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა იცვლება ბაზრის სტრუქტურაც. თუკი ადრე მყიდველი და გამყიდველი გრძელვადიანი (ზოგჯერ 30 და 50 წლიანიც კი) კონტრაქტებით ვაჭრობდნენ, დღეს წლიდან წლამდე იზრდება ე.წ. სპოტ ტვირთების წილი. ამას ხელს უწყობს ახალი, შედარებით პატარა და დაბალ საკრედიტო რეიტინგიანი ქვეყნების მიერ იმპორტის დაწყებაც. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე იმპორტიორთა რიგებს შეურთდნენ ისეთი ქვეყნები*, როგორიცაა: ისრაელი, ლიეტუვა, იორდანია, მალტა და პოლონეთი. უახლოესი 5 წლის მანძილზე პირველი რეგაზიფიკაციის ტერმინალების ამუშავება დაგეგმილია*: ხორვატიაში, ლატვიაში, კვიპროსსა და ესტონეთში.

* ქვეყნების სია არასრულია

პოტენციალი საქართველოში

ამჟამად საქართველო ბუნებრივ გაზს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ყიდულობს (ადგილობრივი წარმოება მინიმალურია და მოხმარების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს). მომწოდებლების მსგავსი კონცენტრაცია დიდ რისკებს შეიცავს, განსაკუთრებით ჩვენნაირ პოლიტიკურად არც თუ ისე სტაბილურ რეგიონში. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ 2006 წელს რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეზღუდვა, რამაც ენერგო კრიზისი გამოიწვია. ამჟამად საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთობაში მსგავსი რისკები არ შეიმჩნევა, თუმცა ეს ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

თხევადი ნატურალური გაზის იმპორტი შესაძლოა კარგი ჩამნაცვლებელი იყოს, თუმცა ამ პროექტის კომერციული მიმზიდველობის შეფასებას დამატებით დეტალური ანალიზი სჭირდება. ამჟამად საქართველო აზერბაიჯანისგან 1000 კუბურ მეტრ გაზს 104 დოლარად ყიდულობს, რაც მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე (British Thermal Unit, BTU - თხევადი გაზის სტანდარტული საზომი ერთეული) დაახლოებით 3 დოლარს უდრის. მიმდინარე მსოფლიო ფასი თხევად ნატურალურ გაზზე (დამოკიდებულია კონკრეტულ ექსპორტიორზე, ადგილმდებარეობაზე და ტრანსპორტირების ხარჯებზე, არ არსებობს ერთი გლობალური ფასი) კი დაახლოებით 5-5.5 დოლარია. კაპიტალური დანახარჯების გათვალისწინებით (მოცულობის და სირთულის მიხედვით დაახლოებით 200-400 მლნ დოლარი მცურავი რეგაზიფიკაციის (FSRU) ტერმინალისთვის) კომერციული მიმზიდველობისათვის საჭიროა შეფასდეს პოტენციალი სომხეთში ექსპორტისა და გაზზე მომუშავე ელექტრო სადგურების მიმართულებით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თხევადი ნატურალური გაზი საქართველოს ენერგო წყაროების დივერსიფიკაციისათვისა და ენერგო დამოუკიდებლობისათვის კარგი საშუალებაა, რომელიც ძირეულად შეცვლის ამჟამად არსებულ დამოკიდებულებას აზერბაიჯანულ და რუსულ მილსადენის გაზზე.