მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აწუხებდა ბიზნესს 2020-2021 წლებში? - ლევან ვეფხვაძე

61cde82097442
თამთა ჯიჯავაძე
31.12.21 12:00
635
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) 2020 და 2021 წლების განმავლობაში 7-8 კვლევა ჩაატარა, რომლითაც ის ფაქტორები გამოავლინეს, რაც ბიზნესს აწუხებდა - ამის შესახებ BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ წლის შემაჯამებელ გადაცემაში განაცხადა. 

„მთელი 2020 და 2021 წლის პირველ ნახევარში ნომერ პირველი პრობლემა ყველასთვის იყო მოთხოვნის სიმცირე ანუ მათი პროდუქტები და სერვისები არ იყიდებოდა და ეს იყო მათი თავისტკივილი. ამავდროულად, განსაკუთრებული პრობლემა იყო გაცვლითი კურსი, რაც ბიზნესისთვის დამატებით რისკებს და სტრესს ქმნიდა.

2021 წლის მეორე ნახევრიდან ნელ-ნელა მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამოსწორდა და ჩვენ დავინახეთ, რომ ის საკითხები, რომლებიც 2019 წელს იყო აქტუალური, ისევ დღის წესრიგში გაჩნდა. მაგალითად, მარეგულირებელი გარემო, ურთიერთობა ბიუროკრატიასთან, გაჭიანურებული სასამართლო საქმეები და კვალიფიციური სამუშაო ძალის არარსებობა ქვეყანაში - ეს ის ოთხეულია, რომელიც საბოლოო ჯამში, არამარტო ქართული ბიზნესისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის, არამედ დამატებით ბარიერებსაც უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის ქვეყანაში“, - თქვა ლევან ვეფხვაძემ.

გარდა ამისა, როგორც ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ინფლაცია იყო.

„მსოფლიო ბაზრებზე კი ვნახეთ პანდემიისა და ინფლაციის ერთობლიობა ანუ პანდემოფლაცია, როგორც მას ეძახიან. პანდემიის პერიოდში წარმოების საშუალებებში შენელებულმა ინვესტიციებმა და მოხმარების მყისიერად ზრდამ ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია და ფასში დიდი ნახტომები გაჩნდა, განსაკუთრებით სამშენებლო მასალების მიმართულებით“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ შემდეგი წლისთვის არსებობდა მოლოდინი, რომ ფასები შემცირებას დაიწყებდა, თუმცა ეს მოლოდინი, განსაკუთრებით წლის პირველი ნახევარში, არ გამართლდება.

"ენერგომატარებლებზე იმდენად მაღლა წავიდა ფასები, რომ თუ მოხმარების ნაწილში იყო მანამდე შოკი, ახლა წარმოების ნაწილში იქნება შოკი, ვინაიდან წარმოება პრობლემა გახდება. მსოფლიო ბაზრებზე ინფლაციური მოლოდინები ნამდვილად ნარჩუნდება, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ცუდია“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.