07.სექტემბერი .2019 16:20

რა ახდენს ინვესტიციების შემოდინებაზე უარყოფით გავლენას?-საბიუჯეტო ოფისის მიმოხილვა

views 393
უკან

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და მისი განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს.

"38 განვითარებადი ქვეყნის მაგალითზე გაკეთებული პრაქტიკული ანალიზის მიხედვით გამოიკვეთა, რომ განვითარებად ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მთავარი დეტერმინანტები შესაძლებელია დავაჯგუფოთ დადებითი და უარყოფითი გავლენის მიხედვით.

კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე უარყოფით გავლენას შესაძლებელია ახდენდეს:

1. პოლიტიკური არასტაბილურობა

როგორც სხვადასხვა რაოდენობრივი კვლევებიდან გამოიკვეთა, რომ პოლიტიკურ არასტაბილურობასა და ინვესტიციების მოზიდვას შორის მკვეთრად უარყოფითი კავშირი არ არსებობს. კვლევების ნაწილი ასკვნის, რომ მათ შორის კავშირი სუსტად უარყოფითია, თუმცა ქვეყნების მიხედვით ამან შესაძლებელია სხვადასხვა როლი ითამაშოს. თუ ინვესტიცია მიემართება ბუნებრივი რესურსების ათვისების მიმართულებით, შესაძლებელია ამ სფეროში მოსალოდნელმა მაღალმა უკუგებამ გადაწონოს არსებული რისკები და გააჩინოს ინვესტიციების შემოდინების სტიმული.


2. გადასახადები

ეკონომიკური კვლევების და ლიტერატურის ფართო სპექტრში არ არსებობს მკვეთრად ჩამოყალიბებული ერთიანი მოსაზრება არის თუ არა მგრძნობიარე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საგადასახადო სტიმულების მიმართ. კვლევებში, სადაც უარყოფითი კავშირი იკვეთება, ძირითადად ეს მოგების გადასახადის და ინვესტიციებს შორის არსებული უკუკავშირია.

3. ინფლაცია

ცალკეული ეკონომეტრიკული მოდელების მიხედვით, ინფლაციასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას შორის მნიშვნელოვანი უარყოფითი კავშირი იკვეთება. მაღალი ინფლაცია ინვესტორებისათვის წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური არასტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს და დაბალი ინფლაციის მქონე ქვეყნებში ინვესტიციები უფრო თავისუფლად შემოედინება.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ, როგორც ანალიზიდან ჩანს, სხვადასხვა კვლევის და სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისად აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა განსხვავებული შედეგებიც მოგვცეს. შესაბამისად, როგორც მკვლევართა ნაწილი თანხმდება, არ არსებობს ყოვლისმომცველი და ცალსახა ინდიკატორების სია, რომლებიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას განაპირობებს.

რაც შეეხება საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას მნიშვნელოვანი ზრდა 2006-2007 წლებში დაფიქსირდა და ასევე პერმანენტული ზრდა იყო 2014-2015 წლებში.

სხვა წლების განმავლობაში ზრდის ტემპი კვარტლების მიხედვით განსხვავებული იყო და ხშირად მნიშვნელოვან ზრდა შესაძლოა მნიშვნელოვანი კლება მოჰყოლოდა (მაგ.: 2017 წლის IV კვარტალი +84%, 2018 წლის I კვარტალი -24%). აღნიშნული ინდიკატორი საკმაოდ ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ცვლადია, რადგან მასზე ზემოაღწერილ ფუნდამენტურ ფაქტორებთან ერთად (რომლებიც გრძელვადიან გარემოს ქმნიან) სხვა, ქვეყნის გარეთ არსებული ფაქტორებმაც შეიძლება იმოქმედონ.

ასევე რადგან პირდაპირი ინვესტიცია ფინანსური კატეგორიაა და არ წარმოადგენს ინვესტიციას განხორციელებულს მხოლოდ ფიქსირებულ აქტივებში, მისი დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობაც საერთაშორისო მეთოდოლოგიურ ჩარჩოებში და სტანდარტებში თავსდება.

ზოგადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზებს შორის აღსანიშნავია: რეზიდენტის მიერ არარეზიდენტის წილის შეძენა, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის რეკლასიფიკაცია პორტფელის ინვესტორად ან სხვა არარეზიდენტ ინვესტორად ან რეზიდენტ ერთეულად, რეზიდენტი საწარმოს მიერ
არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ არსებული ვალდებულებების შემცირება.

2019 წლის I კვარტალში2 პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 281 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.3%-ით ნაკლებია წინა წლის მონაცემზე. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით: „შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში“.

ამავე პერიოდში კვლავ შენარჩუნებულია რეინვესტირებული კაპიტალის მაღალი წილი (მთლიანი ინვესტიციების 31%). რაც შეეხება ზრდის სტრუქტურას დარგების მიხედვით მნიშვნელოვანი იყო კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სექტორი (მთელი ინვესტიციების 49.7%) და ქვეყნების მიხედვით უმსხვილესი იყო ირლანდია (ეს გამოწვეულია იმით რომ ტოტალიზატორი „აჭარაბეთი“-ს 51% ქართველი მფლობელიდან გადავიდა ირლანდიური კომპანიის მფლობელობაში)"-ნათქვამია მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა