მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბედი ელის ჯანდაცვის კანონში ცვლილებებს, რომლის კენჭისყრაც მოულოდნელად გადავადდა

5f4e04fbf258a
ინგა მურუსიძე, თათია ჩაფიჩაძე
01.09.20 12:47
744
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით გატანისას, კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე დღის წესრიგიდან მოიხსნა, საშემოდგომო სესიაზე იქნება განხილული.

Bm.ge-ს შესაბამის კითხვას მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ როგორც კი შესაძლებლობა იქნება, პარლამენტთან ამ საკითხზე მუშაობა დაიწყება.

„ჯანდაცვის კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი გეგმაა, რომ ეს ცვლილებები ბოლომდე მივიდეს. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, განვაახლებთ ამ საკითხზე მუშაობას პარლამენტთან. ვფიქრობთ, რომ საშემოდგომო სესიაზე ეს საკითხი მოესწრება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის: 17 ივლისის პლენარულ სხდომაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ კანონპროექტის მესამე, საბოლოო მოსმენით კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთი ადრე ითხოვა კენჭისყრის გადადება, არადა, არსებული ვერსია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვისაც უკვე მისაღები იყო. ვიცით ისიც, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე ეკატერინე ტიკარაძეს ესაუბრა და, სავარაუდოდ, სწორედ მინისტრმა ითხოვა კანონპროექტის მიღების გადადება. ამაზე ტიკარაძის მიერ bm.ge-ისთან გაკეთებული კომენტარიც მიანიშნებს: “კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა პარლამენტში და სამინისტროს გააჩნდა თავისი მოსაზრება; კანონი გავა იმ ფორმატით, რაც ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის სერვისების უსაფრთხოებას ყველაზე მეტად დაიცავს“.

გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია და მხოლოდ მესამე, საბოლოო მოსმენა იყო დარჩენილი, ახლა მთავარი კითხვაა, საშემოდგომო სესიაზე კანონპროექტის განხილვა მესამე მოსმენიდან გაგრძელდება ანუ კლინიკებთან უკვე შეთანხმებული ვარიანტით თუ დოკუმენტს მეორე მოსმენაზე დააბრუნებენ.

„პარლამენტს მსგავსი პრაქტიკა ძალიან ცოტა აქვს, თუმცა პროცედურულად, საშემოდგომო სესიაზე ინიციატორთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მისი კენჭისყრა გაიმართება ან მეორე მოსმენით განხილვაზე დაბრუნდება. აქ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საშემოდგომო სესია როდის გაიხსნება, ვინაიდან კანონით, არჩევნებამდე (31 ოქტომბრამდე) ერთი თვით ადრე, საკანონმდებლო საქმიანობა წყდება. როგორც წესი არჩევნებამდე ერთი თვის ადრე აღარ ტარდება სესიები, ვინაიდან 31 ოქტომბერს არის არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ სექტემბრის ბოლომდე შეიძლება სხდომების ჩატარება. ეს პარლამენტზეა დამოკიდებული“, - განუმარტა bm.ge-ის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას პარლამენტში განხილვა და დადგენილების მიღება სჭირდება.

„პროცედურულად, ამ კანონის მიღება შეიძლება საშემოდგომო სესიაზე, რომელსაც აუცილებლად გავხსნით და თეორიულად, კანონპროექტის მიღება შესაძლებელია, მაგრამ თუკი დადგა საჭიროება, რომ მესამე მოსმენამდე მისულ კანონპროექტში შევიდეს შინაარსობრივი ცვლილებები, მაშინ ჯერ საჭირო იქნება პარლამენტმა მესამედან მეორე მოსმენაზე დააბრუნოს კანონპროექტი, განიხილოს მეორე მოსმენით და ამას მოჰყვება მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება, თუმცა ალბათ მესამე მოსმენამდე მისულ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ ყველაფერი ინიციატორზე და პარლამენტზეა დამოკიდებული. უნდა მოხდეს შეთანხმება. თუკი ინიციატორი ითხოვს შინაარსობრივი ცვლილებების შეტანას, მაშინ პარლამენტმა ეს უნდა განიხილოს სესიაზე და უნდა მიიღოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტი დაბრუნდება მეორე მოსმენაზე“, - განმარტა bm.ge-ისთან საუბარში კახიანმა.

ცნობისთვის: 17 ივლისის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც მარეგულირებელს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლებამოსილებას აძლევდა. სამინისტრო დათმობაზე წავიდა საჯარიმო სანქციების ნაწილშიც და რიგ პუნქტებში მოიხსნა ქვედა ზღვარი, რითაც სასამართლოს შეუძლია დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე განსაზღვროს რა მოცულობის სანქციას დააკისრებს კლინიკებს. ასევე, 20-დან 5 დღემდე შემცირდა სალიცენზიო პირობების შესრულების გადამოწმებისთვის მარეგულირებლის მიერ კლინიკაში შესვლის დრო. საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ნაწილში კი, ჯანდაცვის სამინისტრომ არ გაიზიარა ბიზნესის მოთხოვნა, და ეს დისკრეციული უფლება კვლავ მარეგულირებელს დარჩა, თუმცა როგორც ახლა, სააგენტომ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს.