მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბედი ელით "ყვითელ ავტობუსებს"? - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

5e2162238fb7e
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.20 16:20
3982
ძველი ავტობუსების შეფასებისა და ჩამოწერის პროცედურა დაწყებულია, - ამის შესახებ BM.GE-ს თბილისის სატრანსორტო კომპანიაში განუცხადეს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს ძველი „ბოგდანის“ მარკის ავტობუსების შეფასების პროცესი და ის, თუ რამდენი ავტობუსი ჩამოიწერება და რამდენი მათგანის შეფასება მოხდება, დაკავშირებულია ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესთან.

„როდესაც მოხდება შესაბამისი კომისიის მიერ ძველი ავტობუსების ჩამოწერა ორ კატეგორიად შეიძლება გაიყოს ეს ავტობუსები. ტრანსპორტი, რომელიც სრულად გამოუსადეგარია ექსპლოატაციისათვის, გამზადდება როგორც ჯართი და ავტობუსებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ტექნიკურ სტანდარტებს, მერიასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას მათი განკარვის შესახებ. ვადები დამოკიდებულია იმაზე, როდის მოხდება ახალი ავტობუსების ჩამოყვანა სრულად“, - ამბობენ კომპანიაში.

სატრანსპორტო კომპანიაში ვერც იმას აკონკრეტებენ, როგორ მოხდება ექსპლოატაციისთვის გამოსადეგი ავტობუსების განკარგვა.

„ ვერ გეტყვით რეგიონებს გადაეცემათ თუ არა. მთავრია, რომ ეს ავტობუსები აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტს, რომ შესაძლებლობა გვქონდეს მათი განკარგვის“, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, შეძენილი ავტობუსებიდან 220 ცალი 8-მეტრიანი და 90 ცალი 10-მეტრიანი ავტობუსი ამ ეტაპზე სრულად არის ქალაქში შემოყვანილი, თუმცა სრულად სამარშრუტო ხაზებზე ყველა ავტობუსი არ გასულა.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ტექნიკურად გამართვა, რაც გულისხმობს საინფორმაციო დაფების ჩაწერას, სალარო აპარატების დაყენებას, მზადდება ეს ავტობუსები, რომ ეტაპობრივად გაეშვას ხაზზე. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, როდის მოხდება ახალი ავტობუსების სრულად გაშვება ხაზზე“, - განმარტავენ სატრანსპორტო კომპანიაში.

ახლა მიმდინარეობს 110 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსზე ტენდერი და გარდა ამისა, როგორც მერია აანონსებს 2020 წლისათვის დაგეგმილია 100 ერთეული ავტობუსის შეძენა, კონკრეტულად ვერ გეტყვით ეს 100 ავტობუსი ელექტრო იქნება თუ CNG ძრავით, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ იქნება ეკო მეგობრული და ალბათ ეს უკვე ტენდერზეც არის დამოკიდებული, ყოველ შემთხვევაში მერიის სურვილიც არის, რომ იყოს ეკოლოგიურად სუფთა CNG ძრავზე მომუშავე ავტობუსი",- აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ორწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, რომლის პრეზენტაცია გასული წლის 28 ნოემბერს გაიმართა, ორი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებული ავტოპარკი 347 ავტობუსით განახლდა.

„ახალი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქის მოსახლეობას უკვე ემსახურება. დარჩენილი ნაწილის მოწოდება კი წლის ბოლომდე დასრულდება. შედეგად, თბილისის ავტოპარკში 453 ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის ავტობუსი იქნება.

EBRD-ის დაფინანსებით, გამოცხადებულია ტენდერი თბილისისთვის 110 ერთეული 12-მეტრიანი გაზის (CNG) საწვავზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვაზე. ამავე ბანკის დაფინანსებით, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 90 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. მგზავრთნაკადის ზრდის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი დამატებით 100 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. უკვე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის პერიოდში მთლიანად ჩანაცვლდება დედაქალაქში მოძრავი სხვადასხვა ტევადობის მოძველებული ავტობუსები და ავტობაზებში ჯამში, 753 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების თანამედროვე ავტობუსი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძე თავისი მუშაობის ორ წლიანი ანგარიშის წარდგენისას.