მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჩაანაცვლებს თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანას? - პროექტი, რომელსაც გენგეგმის ავტორები აკრიტიკებენ

6294ce0d62270
ანუკა ჯოხაძე
30.05.22 23:20
3836
ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას კომპანია "ვილსონ გარდენი" გეგმავს. პროექტი ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა სავარაუდო მონახაზი, რომელზეც ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები მუშაობენ, უკვე კითხვებს აჩენს. გენერალური გეგმის მიხედვით, ტერიტორიის დიდი ნაწილი სატრანსპორტო ზონის სტატუსს ატარებს, ნაწილი კი რეკრეაციულს. იმისთვის, რომ ინვესტორმა კომპანიამ კუთვნილ ტერიტორიაზე პროექტი განახორციელოს, გენგეგმით დადგენილი ზონის ცვლილება დასჭირდება.

არქიტექტორი ზურა ბაქრაძე BM.GE-თან ამბობს, რომ პროექტის განხორციელებამდე საფუძვლიან კვლევებთან ერთად, საჭიროა კითხვაზე პასუხის გაცემა. კერძოდ, მისი თქმით, აუცილებელია ვიცოდეთ, ამ პროექტით საბოლოოდ ვამბობთ თუ არა უარს ვაგონშემკეთებელი ქარხნის არსებობაზე.

“ზონის ცვლილებისთვის საჭიროა წინასწარ საფუძვლიანი კვლევების ჩატარება და სხვა პროცედურების გავლა, შემდეგ საკრებულოს მიერ ამის დამტკიცება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი იყოს ამ ტერიტორიის განვითარებაზე. პირველ რიგში კვლევებმა უნდა გამოარკვიოს ვაგონშემკეთებელი ქარხნის ბედი. ინარჩუნებს ქალაქი ამას თუ არა. ჩემი აზრით, მისი შენარჩუნება აუცილებელია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის.” - ამბობს არქიტექტორი ზურაბ ბაქრაძე.

გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი მამუკა სალუქვაძე კი აცხადებს, რომ პროექტის იმ სახით განხორციელება რა სახითაც ინვესტორი გეგმავს, დაუშვებელია. მისი თქმით, ტერიტორიის 75% პროექტის მიხედვით საცხოვრებელი დანიშნულების უნდა იყოს, არადა გეგნგეგმაზე მუშაობის პროცესში მათი რეკომენდაცია ტერიტორიის 50%-ის საპარკე და სარეკრეაციო სივრცეებისთვის დათმობა იყო.

სალუქვაძე აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბური ფართობის კონცეფციის შემუშავებაში არამხოლოდ ინვესტორი, არამედ თბილისის მერიაც უნდა იყოს ჩართული. უფრო მეტიც, მისი თქმით, ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის კონცეფციაზე თბილისის მერიამ კონკურსიც კი უნდა გამოაცხადოს.

“ეს ფასეული ტერიტორია თავის ფასს დაკარგავს ამგვარი განაშენიანებით, მაშინ როცა მას შეუძლია მარცხენა სანაპიროზე საკმაოდ დიდი როლი ითამაშოს, თავისი ბიზნესცენტრებით, სპორტული მოედნებით, რეკრეაციით. გვინდა, რომ ამ ტერიტორიის 50% მაინც და გვქონდა კიდეც შეთავაზება, დატვირთული იყოს საპარკე ტერიტორიებით. ვფიქრობ, მერიამ განაშენიანების კონცეფციის შემუშავებაზე საერთაშორისო კონკურსი უნდა გამოაცხადოს, სადაც ჩვენ ვნახავთ და შევაფასებთ იმ ვარიანტებს, რომლებსაც წარმოგვიდგენენ თუ როგორი განვითარება უნდა მოჰყვეს ტერიტორიას იმ გარემოს გათვალისწინებით, რომელიც მის გარშემოა", - აცხადებს "სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების მიღების მიზნით, განაცხადი უწყებაში 2022 წლის აპრილში შევიდა და ამ ეტაპზე დოკუმენტაციის განხილვა მიმდინარეობს. მერიის ცნობითვე, განხილვის ვადა 19 ივლისამდეა.

“კანონმდებლობა ორივე ეტაპის (გეგმარებითი დავალების და განაშენიანების რეგულირების გეგმის) ადმინისტრაციული წარმოების ვადად აწესებს 3 თვეს. მხოლოდ ამ ვადის ფარგლებში დასრულებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სააგენტოს მიერ დადებითი პოზიციის შემთხვევაში მთავრობა იღებს განკარგულებას, რომელსაც შემდგომ იწონებს თბილისის საკრებულო. სსიპ „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ აღნიშნული გეგმარებითი დავალების განხილვის ვადა აქვს 2022 წლის 19 ივლისამდე, შესაბამისად სააგენტოს ამ ეტაპისთვის არ დაუფიქსირებია პოზიცია განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ტერიტორიის განვითარების/საპროექტო გადაწყვეტის კონცეფციაზე და არც ტერიტორიაზე ფუნქციების გადანაწილებაზე.”-აცხადებენ თბილისის მერიაში.

მერიაში BM.GE-ის იმასაც უცხადებენ, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების პროცედურა ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი გეგმარებითი დავალების ადმინისტრაციული წარმოების დასრულებას ითვალისწინებს, რომელიც დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში უკვე განაშენიანების რეგულირების გეგმის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება.

თავად პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი კომპანიის “ვილსონ გარდენის” დირექტორი გიორგი ტაბიძე კი BM.GE-თან აცხადებს, რომ პროექტი, რომელსაც საზოგადოება იცნობს, არ არის საბოლოო ვარიანტი და ის კიდევ მუშავდება. მისი თქმით, დეტალების სრულად შეჯერების შემდეგ პროექტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.