13.ივლისი .2020 18:51

რა ცვლილებები შედის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში? - განახლებული ვერსია

views 566
უკან

ბოლო დღეებია პარლამენტში მხარეებს შორის შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროეექტზე”, რომელიც კომუნიკაციების კომისიას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნისა და მისთვის საკმაოდ დიდი უფლებამოსილების გადაცემას ითვალისწინებს.

კანონპროექტის პარლამენტში განხილვას გასულ პარასკევს საკმაოდ დიდი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. “მაგთიკომი”, “კავკასუს ონლაინი”, “სილქნეტი” - ამ კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა კანონპროექტი გააპროტესტეს და კომუნიკაციების კომისიას მისი შეცვლა ან უკან გაწვევა მოსთხოვეს. შაბათ-კვირას მხარეებს შორის შეხვედრები გაგრძელდა, თუმცა ოფიციალურად პოზიციები შეჯერებული არ არის. დღეს ჩანიშნული საკომიტეტო განხილვაც სწორედ იმიტომ გადაიდო, რომ მხარეები ისევ არ არიან ჩამოყალიბებული.

მსჯელობა გრძელდება, თუმცა გამართული შეხვედრების შედეგად უკვე შემუშავებულია დოკუმენტის სამუშაო ვერსია, სადაც ჩამოწერილია, რა ცვლილებებისთვის არის მზად კომუნიკაციების კომისია.

bm.ge-მ მოიპოვა სამუშაო დოკუმენტი, სადაც ძირითადად სწორედ იმ ცვლილებეზეა საუბარი, რომლებზეც კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა 11 ივლისს, შაბათს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

შედეგად, დოკუმენტში შედის ცვლილება და კომუნიკაციის კომისიის მიერ კომპანიაში დანიშნულ სპეციალურ მმართველს აქციების გახსვისება აღარ შეეძლება. თუმცა, მას კვლავ რჩება უფლება, ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა; დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. ასევე, ძალაში რჩება სპეციალური მმართველის უფლება - კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. ამასთან, ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება სპეციალურ მმართველს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სპეციალური მმართველი დანიშვნა გამოწვეულია ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე წილის/აქციების ან/და აქტივების გასხვისებით, ასევე შერწყმით.

ამასთან, სპეციალური მმართველი 2 წლის ვადით აღარ დაინიშნება და კანონი არ საერთოდ არ დაადგენს ვადას.

“კომისიის მიერ სპეციალური მმართველი დაინიშნება კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე”, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით წარმოდგენილი კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება ავტომატურად არ გამოიწვევს მათ შეჩერებას, არამედ შეჩერება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნით.