მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ცვლილებები შედის ღვინის მარკეტინგული თანადაფინანსების პროგრამაში

629f255e96a30
მარიამ ვარადაშვილი
07.06.22 14:15
1006
გასული წლის სექტემბერში მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა, რაც ღვინის კომპანიებისთვის მარკეტინგულ კამპანიებში დახმარებას გულისხმობდა. პროგრამაზე განაცხადების მიღება 1-ელ ივნისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მთავრობამ გადანცხადების მიღების ვადა 1-ელ აგვისტომდე გააგრძელა. მიზეზი პროგრამაში შეტანილი გარკვეული ცვლილებებია, რაც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა BMG-ისთან ინტერვიუში განმარტავს, განაცხადების მიღების პროცესი მარტივდება. კერძოდ, თუ კომპანიას გასულ წელს მიღებული მთავრობის დადგენილებით, განაცხადის გაკეთებისთანავე სთხოვდნენ დაედასტურებინათ წინა წლის ექსპორტისა და მარკეტინგული დანახარჯების ზრდა, ცვლილების შემდეგ ამ დოკუმენტაციის წარდგენა მოგვიანებით მოუწევთ ანუ მაშინ, როცა ღვინის ეროვნული სააგენტო უკვე განიხილავს, მისცეს თუ არა დაფინანსება ამ კონკრეტულ კომპანიას.

ამას გარდა, მეხუზლა ამბობს, რომ მცირე მარნების თხოვნაც გაითვალისწინეს და განახლებულ პროგრამაში მათ აუდიტის მომსახურების ხარჯებს სახელმწიფო ნაწილობრივ დაუფინანსებთ. საუბარია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამით განსაზღვრულ აუდიტის საფუძველზე დადასტურებული მარკეტინგული ხარჯების წარმოდგენის ვალდებულებაზე.

ასევე, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ ომის გამო, უკრაინაში ღვინის ექსპორტიორ კომპანიებს გაუჭირდებოდათ წლიურად ექსპორტის ზრდის კომპონენტის დაკმაყოფილება, ამიტომ განახლებული პროგრამა უკრაინაში ექსპორტის ზრდა გამორციხავს.

"ძირითადი პირობები უცვლელია -კომპანიამ მარკეტინგში ფული უნდა დახარჯოს, რაც გულისხმობს ქსელებში, სუპერმარკეტებში, სპეციალიზერებულ მაღაზიებში კონკრეტული აქციების შეთავაზებას ანუ ყველა იმ ღონისძიებას, რისი მიზანიც გაყიდვების ზრდაა. რა თქმა უნდა, მეორე პირობაა გაყიდვების ზრდა. ობიექტური მიზეზების გამო, რაც წლის დასაწყისში დადგა, საჭირო გახდა ამ პროგრამის ფარგლებში უკრაინის ექსპორტი გათვალისწინებული აღარ იყოს. უსამართლოა, რომ უკრაინაში შარშანდელ ექსპორტს, როდესაც ის ქართული ღვინის საექსპორტო სამეულში შედიოდა და წელს იმ ტრაგიკული მოვლენების გამო, რაც ხდება, შარშანდელი და წლევანდელი შედეგები ერთმანეთს შევადაროთ. აქედან გამომდინარე, ერთი ცვლილება რაც შევიდა, გამონაკლისი უკრაინას ეხება", - აცხადებს მუხუზლა, რომლის აზრითაც, საბოლოო ჯამში, პროგრამის გარკვეული კომპონენტები გამარტივდა.

“რაც შეეხება ანაზღაურებას, აქ საუბარია ექსპორტის ნამატზე. მაგალითად, თუ კომპანიას 1 მლნ ბოთლი ჰქონდა ექსპორტზე გატანილი და წელს 1.2 მლნ ექნება, 200 ათასიდან, რაც ნამატია აქედან დაითვლება ასანაზღაურებელი თანხა. უკრაინაში ექსპორტი მხედველობაში არ მიიღება როგორც 2021, ასევე 2022 წელსაც. რაც შეეხება რუსეთს, დსთ თავიდანვე გათვალისწინებული არ ყოფილა. ასანაზღაურებელი თანხა ერთ ბოთლზეა მიბმული, ამიტომ ვთვლით, რომ მეტნაკლებად თანაბარ პირობებში არიან მცირე და დიდი მარნები. ექსპორტის ზრდაზეა მიბმული ასანაზღაურებელი პრემია", - ამბობს მეხუზლა.

მისივე თქმით, ამ პროგრამის მიმართ ღვინის კომპანიებს დიდი ინტერესი აქვთ. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა მთავრობამ გასული წლის სექტემბერში მიიღო. დადგენილების თანახმად, პროგრამის მიზანია ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა პრიორიტეტულ ბაზრებზე და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

გასულ წელს მიღებულ დადგენილებაში ასევე წერია, რომ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ მარკეტინგული ხარჯები (გარდა საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში გაწეული ხარჯებისა), შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ბენეფიციარი მოახდენს მეტი ლიტრი ღვინის ექსპორტს მიმდინარე კალენდარულ წელს, ვიდრე ექსპორტირებული აქვს წინა კალენდარულ წელს;

ბენეფიციარი მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფს მეტი მარკეტინგული ხარჯის გაწევას, ვიდრე გაწია წინა საანგარიშო პერიოდში;

პროგრამით თითოეულ ბენეფიციარზე კალენდარული წლის მანძილზე გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 600 000 ლარით. პროგრამის ფარგლებში არ დაიანგარიშება საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში გაყიდული ღვინო და მარკეტინგული ხარჯები.