მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ცვლილებები შევა ღვინის ექსპორტიორების მარკეტინგული კამპანიის სუბსიდირების პროგრამაში?

6246ed2aac251
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.22 22:45
1057
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ გარკვეული კორექტივები შევა - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 30 მარტს სააგენტოში ღვინის მწარმოებელ მსხვილ ექსპორტიორ 70-მდე კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებს შეეხებოდა.

აღსანიშნია, რომ საქართველოს მთავრობამ, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა. მისი მიზანი ქართული ღვინის მსოფლიო მასშტაბით ცნობადობისა და ახალ ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობაა. პროგრამის თანახმად, დაფინანსებას მიიღებენ კომპანიები, რომლებიც ექსპორტს დსთ-ის ქვეყნების გარდა, პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ. პროგრამაში მონაწილეობისთვის ნებისმიერი სიდიდის კომპანიამ 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული ხარჯი თავად უნდა გასწიოს და მიმდინარე წლის ექსპორტი 2021 წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტს უნდა აღემატებოდეს. შედეგად, სახელმწიფო, 2023 წლიდან, პროგრამაში ჩართულ კომპანიებს, ექსპორტირებულ 1 ლიტრ ღვინოს 2 ლარით დაუსუბსიდირებს, თუმცა თითოეულ ბენეფიციარზე სუბსიდირების თანხა 600 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, შეხვედრაზე გარდა იმისა, რომ ღვინის ტოპ-ექსპორტიორს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის მიზნები, პირობები და მონაწილეობისთვის საჭირო ტექნიკური საკითხები გააცნეს, ასევე მათგან რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შეფასება და ღვინის ექსპორტისას წარმოქმნილი გამოწვევები მოისმინეს.

„შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ პროგრამა გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს, რადგან გასულ წელს პროგრამის შექმნის შემდეგ, მასში უკრაინაში ღვინის ექსპორტის წახალისებაც შედიოდა. არსებული რეალობიდან გამომდინარე კი, როდესაც მიმდინარე წლის ექსპორტს, უკრაინის ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს ვადარებთ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ უკრაინის გათვალისწინების შემთხვევაში ბევრმა კომპანიამ 2021 წლის ექსპორტის არსებულ მაჩვენებელს შესაძლოა ვერ გადააჭარბოს. აქედან გამომდინარე პროგრამაში შესაძლოა შევიდეს ცვლილება, რომელიც მიმდინარე ომის გამო, უკრაინის დროებით არგათვალისწინებას გულისხმობს.

გარდა ამისა, პროგრამა მხოლოდ ღვინის ექსპორტის ხელშეწყობას გულისხმობდა, თუმცა კომპანიებმა წამოაყენებს წინადადება, რომ მასში ღვინისეული წარმოშობის სასმელების - ჭაჭისა და ბრენდის შეტანაც მოხდეს. მსოფლიო ბაზარი ქართული ღვინით მეტ-ნაკლებად შევსებულია, ბრენდის თვალსაზრისით კი ფაქტობრივად სრულად ახლო ბაზრებზე ვართ დამოკიდებული“, - განმარტა ლევან მეხუზლამ.

მისი თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალი კვირის ბოლომდე, პროგრამაში შესატან ცვლილებებს მოამზადებს და საბოლოო სახით პროგრამა დაახლოებით, მაისის დასაწყისში ჩამოყალიბდება.

„ფორმალურად პროგრამა გაშვებულია და მსურველებს განაცხადები უკვე შემოაქვთ. ზუსტად ვერ ვიტყვი რამდენი განაცხადია შემოსული. განაცხადების მიღების თარიღი ამ ეტაპზე პირველ ივნისს იწურება, თუმცა ამასაც შესაძლოა გადავხედოთ და მიღების ვადები გავახანგრძლივოთ“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

კითხვაზე - პროგრამაში ჭაჭისა და ბრენდის მარკეტინგული კამპანიების დაფინანსების კომპონენტის გაჩენისას რამდენით შეიცვლება მისი ბიუჯეტი, ლევან მეხუზლამ უპასუხა, რომ ბიუჯეტის კორექტირების შეფასება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა პროგრამის მონაწილე ბენეფიციარების რაოდენობა გაირკვევა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერი ზომის კომპანიას შეუძლია. „600 000 ლარი არის დაფინანსების ჭერი, თუმცა პროგრამაში მონაწილეობა როგორც დიდ, ასევე მცირე მარნებსაც შეუძლიათ და ისინი დაფინანსებას გაწეული ხარჯების პროპორციულად მიიღებენ. მინდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე უფრო მცირე კომპანიები აქტიურობენ და ეს ალბათ უკრაინის ფაქტორიდან გამომდინარე ხდება, რადგან მცირე მარნები ძირითადად დასავლურ ბაზრებზე გადიან და პოსტსაბჭოთა სივრცე მათთვის მიმზიდველი არ არის“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.