მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ცვლილებები შევიდა "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში, რომელსაც კომიტეტმა მხარი დღეს დაუჭირა?

6335d0999f76d
BM.GE
29.09.22 21:00
701
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, ზედიზედ ორჯერ როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წლისა. ასევე, პირის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინება ზედიზედ სამჯერ დაუშვებელია.

"როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ, დაუშვებელია პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში. მინისტრი უფლებამოსილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვემდე ვადით; დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიურ თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვემდე ვადით და დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვემდე ვადით.

ცვლილების მიხედვით, უსაფრთხოების ატაშეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირების მიერ სამსახურის გავლის, მათ შორის მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კანონპროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 6 თვემდე გაუგრძელოს.

კანონპროექტის თანახმად, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოს: მინისტრის პირველ მოადგილეს, მინისტრის მოადგილეს და იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობა. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და წახალისების ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანების შესაბამისად," - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილება დიპლომატიური რანგისთვის შესაბამისი რანგის დანამატის გაცემის ვალდებულებას ეხება.

„კანონპროექტი სრულად ასახავს იმ წუხილებს, რომელიც არა მხოლოდ დიპლომატებს, არამედ ჩვენც პოლიტიკოსებსაც გვქონდა როტაციასთან და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ დიპლომატს ჰქონდეს ხელფასი. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს დიპლომატი, რომელსაც არ აქვს შენარჩუნებული ხელფასი. ჩვენი თხოვნაა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მივლინება დიპლომატების მივლინებას გაუთანაბრდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციების და პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობებში განსახორციელებელ ცვლილებებს, რომელიც კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო.

სხდომაზე, მხარი ასევე დაუჭირეს საქართველოს მთავრობის წინადადებას „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ (ორჰუსის კონვენცია) კონვენციის“ ქართულენოვანი ტექსტის თარგმანის კორექტირების შესახებ.