მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ცვლილებებს გეგმავს შემოსავლების სამსახური?

627ce2af19a1d
სალომე ჭიპაშვილი
12.05.22 21:34
4188
„საბაჟოს სრული მოდერნიზაციისა და რეფორმის თემა 2023 წლის ბოლომდე დასრულდება, თუმცა არის საკითხები, რომლებიც თავის ლოგიკურ დასასრულამდე ამ წლის ბოლომდე მივა“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, კომუნიკაცია შემოსავლების სამსახურთან კარგი მიმართულებით მიმდინარეობს, რომელმაც შეხვედრაზე შვიდამდე პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრის მნიშვნელოვან თემებს შორის იყო იმპორტირებული და ადგილობრივი ხორბლის აღრევის და არასასურსათო პროდუქტების დანაკარგებზე შეღავათის გავრცელების საკითხები.

„რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე დეტალურად ვისაუბრეთ. ერთ-ერთი იყო იმპორტირებული და ადგილობრივი ხორბლის აღრევის საკითხი, რომელიც ძირითადად კეთილსინდისიერ შემსყიდველებს აზარალებს. ადგილობრივი მწარმოებლები გათავისუფლებულიები არიან დღგ-სგან, ხოლო უცხოურები არა. კეთილსინდისიერ შემსყიდველებს კი ადგილობრივ ხორბალს იმპორტირებულის სახელით აწვდიან, უწევთ დღგ-ს გადახდა, რომელსაც შემდეგ ვეღარ ითვლიან. მეორე თემა არასასურსათო პროდუქტებზე იმ შეღავათების გავრცელებას შეეხებოდა, რომლებიც სასურსათო პროდუქტებზე ვრცელდება. ეს არის შესაძლებლობა, რომ 1 პროცენტის ფარგლებში არსებული დანაკარგები არ დაიბეგროს და დანაკლისად არ ჩაითვალოს. ასევე საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის გარკვეულ საბაჟო და არასაბაჟო პროცედურებში ჩართვაზე, რომელიც სუბიექტივიზმს გამორიცხავს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა 11 მაისს გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა 2021 წლის განმავლობაში უწყების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ლევან კაკავამ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრეს ღირებულებებს, უწყების გამჭვირვალობა და ბიზნესთან მჭიდრო პარტნიორობა წარმოადგენს.