20.ივნისი .2022 14:07

რა ცვლილებებზე მუშაობს მთავრობა საპარტნიორო ფონდის სტრუქტურული ოპტიმიზაციისთვის?

რა ცვლილებებზე მუშაობს მთავრობა საპარტნიორო ფონდის სტრუქტურული ოპტიმიზაციისთვის?
views 799
უკან

საქართველოს მთავრობა საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონის გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. იქიდან გამომდინარე, რომ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა მედიის კითხვებს არ უპასუხეს, BM.GE-მ ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც საკითხით მომხსენებელი უწყება იყო, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა და დაინტერესდა, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

უწყებამ კი „საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და რებრენდინგის“ შესახებ პრესრელიზი გაავრცელა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ რესტრუქტურიზაციის პროცესში შეტანილი ცვლილებები ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს. კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ფონდის საქმიანობაში სახელმწიფო მხოლოდ აქციონერად დარჩება, ხოლო სამეთვალყურეო საბჭო დამოუკიდებელი პირებისგან დაკომპლექტდება.

„საპარტნიორო ფონდის სტრუქტურის ოპტიმიზაცია და რებრენდინგი, რომლის შედეგად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან შესაბამისი, თანამედროვე კორპორაციული მმართველობის მოქნილი სისტემის მქონე ორგანიზაციის ჩამოყალიბება იგეგმება, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაანანონსა. 20 ივნისის მთავრობის სხდომაზე შედგა საკითხების მორიგი განხილვა, პროცესი გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

ცვლილებები, რომლებზეც აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს, ფონდს მისცემს მეტ მოქნილობას განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების შერჩევისა და შეფასებისას, გააუმჯობესებს ზოგადად ფონდის მმართველობის სისტემას, უზრუნველყოფს მსოფლიოში არსებული კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დანერგვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფონდის მომავალ საქმიანობაში სახელმწიფო მხოლოდ აქციონერის როლში იქნება, სამეთვალყურეო საბჭო კი ნაცვლად მთავრობის წევრებისა, დამოუკიდებელი პირებისგან დაკომპლექტდება.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტი არის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების არსებობა, ასევე აქციონერის და სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციების გამიჯვნა.

საპარტნიორო ფონდის რებრენდინგი და მოდერნიზაცია კორპორაციული მართვის სტრუქტურის რეფორმირებით ხელს შეუწყობს უფრო მეტი გარე ინვესტიციის მოზიდვას კონკრეტულ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებში“, - წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: საპარტნიორო ფონდის აქტივები მისი უკანასკნელი ანგარიშგების თანახმად 4.6 მილიარდი ლარი, ვალდებულებები კი 3.17 მილიარდი ლარია. ამჟამად ფონდის საკუთრებაში ორი მსხვილი საწარმოა, ესენია "საქართველოს რკინიგზა" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია". 2020 წელს ფონდის კონსოლიდირებული შემოსავალი 1.49 მილიარდი ლარი, ზარალი კი 195 მილიონი ლარი იყო. წარსულში ფონდის საკუთრებაში ასევე შედიოდა სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და თელასის 25%-იანი წილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა