მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დააკლდათ კულტურის მუშაკებს ანუ რატომ უნდა აღდგეს 2 წლის წინ გაუქმებული სამინისტრო?

6009926cd4a3e
ინგა მურუსიძე
21.01.21 18:46
1005
საქართველოში კულტურის და სპორტის სამინისტრო 2018 წელს გაუქმდა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა. მაშინ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო და აღნიშნული ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში განხორციელდა, თუმცა 2020 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ "ოცნების"მთავრობა უკვე გიორგი გახარიას მეთაურობით, მზადაა, გაუქმებული სამინისტრო ისევ აღადგინოს - შესაბამისი მოთხოვნა თუ სურვილები კულტურის სფეროს მუშაკებში სამინისტროს გაუქმების დღიდანვე იყო. ჯერ დეტალები უცნობია და არც ის ვიცით, ვინ დაიკავებს კულტურის მინისტრის პოსტს, მაგრამ bm.ge-მ პირველ ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს ჰკითხა, რატომ გადაწყვიტეს უწყების აღდგენა ანუ რა დააკლდა კულტურის მუშაკებს - ყურადღება თუ საბიუჯეტო დაფინანსება?

„ალბათ ამ კითხვას კულტურის მუშაკებს დაუსვამთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, კულტურის სფერო სპეციფიურია და ძალიან დიდი როლი აქვს, განსხვავებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, რომელიც პროექტების მართვით არის დაკავებული და უფრო აღმასრულებელი ხელისუფლების როლს ასრულებს. კულტურაში ალბათ სხვა კომუნიკაციაა საჭირო; როცა მცირე მთავრობის კონცეფციაზე ვსაუბრობდით, ახლაც ამ კონცეფციას მივყვებით და კულტურის სამინისტროს გამოყოფა ამ კონცეფციის დარღვევა არ არის, ვინაიდან მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში იმაზე ვსაუბრობდით, რომ არ უნდა გაზრდილიყო ადმინისტრაციული ხარჯი და არ უნდა აცდენოდა გარკვეულ ზღვარს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

bm.ge-ის ჩაკითხვაზე - დაუშვა თუ არა მთავრობამ შეცდომა, როცა 2018 წელს კულტურის სამინისტრო გააუქმა, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ შეცდომა არ დაუშვიათ, თუმცა კულტურის სამინისტრო სპეციფიური სამინისტროა და "სხვა ტიპის ურთიერთობას მოითხოვს".

„სტატუსი კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვისაც არის მნიშვნელოვანი. პირადი კომუნიკაცია უფრო საჭიროა მათი მხრიდან; სამინისტროს გამოყოფით მეტად შევძლებთ მათთან კომუნიკაციას მათთან“, - ამბობს ვიცე-პრემიერი.